კაია კალასმა 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა, რომ EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას 23 ოქტომბერს ეცდება.
ევროკომისიის მიერ 19 სექტემბერს წარდგენილი პაკეტის სამიზნე რუსეთის ბანკები, ენერგეტიკულ შემოსავლები და ქსელებია, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში მონაწილეობენ.
„სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას ამ კვირაში ველოდებით. სამწუხაროდ, დღეს – არა, მაგრამ ხუთშაბათს (23 ოქტომბერს) ლიდერების შეხვედრაც გველის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
პაკეტის მიღებას გზას უხსნის ის ფაქტი, რომ ავსტრიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა. ვენამ სანქციების შეფერხება იმით გაამართლდა, რომ ევროკავშირმა უნდა აუნაზღაუროს Raiffeisen Bank-ის ზარალი, რომელიც რუსეთის საპასუხო ზომებმა გამოიწვია.
თუმცა რჩება სლოვაკეთი, რომელიც პაკეტს ბლოკავს. Reuters-ის წყაროების თანახმად, ბრატისლავა მოითხოვს, რომ საკითხი ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე განიხილონ, რომელიც სწორედ 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ევროკომისია კი სლოვაკეთისთვის წერილის გაგზავნას გეგმავს, რათა ჩიხური მდგომარეობა მოაგვაროს.
აღსანიშნავია, რომ ახალი პაკეტი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულ აკრძალვასაც ითვალისწინებს, რომელიც 2027 წლის იანვრიდან შევა ძალაში — ერთი წლით ადრე, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
გარდა ამისა, სანქციები მოიცავს სრულ ტრანზაქციულ აკრძალვას რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიებზე, Rosneft-სა და Gazpromneft-ზე; სანქციებს 118 გემზე, რომლებიც ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის; შეზღუდვებს მესამე ქვეყნების ტრეიდერებსა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, განსაკუთრებით ჩინეთში.