EU რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას განიხილავს

EU რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას განიხილავს

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს ახალ გეგმას, რომელიც რუს დიპლომატებს EU-ს წევრ ქვეყნებში გადაადგილებაზე შეზღუდვებს დაუწესებს. შეზღუდვები რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობის წევრებს, ასევე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალსა და მათი ოჯახის წევრებს შეეხებათ.

გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, რუსი დიპლომატები ვალდებულნი იქნებიან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვიზიტამდე, სულ მცირე, 24 საათით ადრე აცნობონ. მასპინძელი ქვეყნისადმი წარდგენილ მიმართვაში დაკონკრეტებული უნდა იყოს გარკვეული დეტალები, მათ შორის მგზავრობის პერიოდი, საცხოვრებელი ადგილი, ტრანსპორტირების საშუალება და ა.შ.

რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების ინიციატივა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს (EEAS-ს) ეკუთვნის. წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების რიგით მე-19 პაკეტს დაემატება, რომლის შესახებაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროკომისიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სანქციების უახლესი სერია რუსულ კრიპტოაქტივებს, ბანკებსა და ენერგეტიკის სექტორს შეეხება.

EEAS-ს მტკიცებით, რუსი დიპლომატები „ხშირად არიან ჩართულნი იმ ტიპის საქმიანობებში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ხელშემწყობად შეიძლება ჩაითვალოს“. მათ შორისაა, რუსული რიტორიკის გავრცელება ომის დაწყებისა და მიმდინარეობის მიზეზებზე, ევროკავშირის როლსა და ა.შ.

EEAS-ს განცხადებით, ახალი შეზღუდვები არც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევად ჩაითვლება, რადგან რუსი დიპლომატები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობენ და ასევე, რუსეთში დაბრუნებასაც. შეზღუდვები მხოლოდ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე გავრცელდება.