EU რუსული გაზის იმპორტის 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის ეტაპობრივად შეწყვეტაზე შეთანხმდა

EU რუსული გაზის იმპორტის 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის ეტაპობრივად შეწყვეტაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომელიც 2028 წლის პირველი იანვრისთვის რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას ითვალისწინებს.

კერძოდ, მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს გეგმები, რომლებიც 2026 წლის იანვრიდან რუსული გაზის იმპორტის ახალ კონტრაქტებს, 2026 წლის ივნისიდან არსებულ მოკლევადიან კონტრაქტებს, ხოლო 2028 წლის იანვრიდან გრძელვადიან კონტრაქტებს ეტაპობრივად გააუქმებს.

ევროკავშირის ქვეყნებმა საბოლოო წესებზე ევროპარლამენტთან უნდა მოილაპარაკონ, რომელიც ჯერ კიდევ მსჯელობს საკუთარ პოზიციაზე.

ევროკავშირს სურს, რუსული ენერგორესურსების იმპორტი თანდათანობით შეაჩეროს, რათა კრემლს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად საჭირო შემოსავლები შეუმცირდეს. ამჟამად რუსეთი ევროკავშირის გაზის იმპორტის 12%-ს შეადგენს. 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 45%-ზე იყო. რუსული ბუნებრივი აირის იმპორტიორ ძირითად ქვეყნებს შორისაა უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია.

ევროკომისიამ წინადადებები ისე შეიმუშავა, რომ მისი მიღება უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად იყოს შესაძლებელი. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების „კვალიფიციური უმრავლესობის“ მხარდაჭერა სჭირდებოდა – რაც მინიმუმ 55%-ს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ერთ ან ორ ქვეყანას წინადადების დაბლოკვა არ შეუძლია.

ამის გარდა, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ერთი წლით ადრე, 2027 წლის იანვრიდან აკრძალავს.