EU-ს მოწოდება ზელენსკის: რადა ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის მხარდამჭერ კანონმდებლობას მიიღებს

EU-ს მოწოდება ზელენსკის: რადა ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის მხარდამჭერ კანონმდებლობას მიიღებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდებს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნულის მხარდამჭერი კანონმდებლობა უკრაინულ რადაში რამდენიმე დღეში მიიღება.

„უკრაინამ უკვე ბევრს მიაღწია საკუთარ ევროპულ გზაზე. მან ამ მტკიცე საძირკველზე კიდევ უფრო მეტი უნდა დააშენოს და შეინარჩუნოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები, რომლებიც უკრაინის კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ X-ზე მას შემდეგ, რაც ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების თანახმად, ორ მთავარ ანტიკორუფციულ ორგანოს ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავდა. აღნიშნულმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა ევროკავშირისგანაც. სხვადასხვა ევროპელი ლიდერის განცხადებით, ამ ორგანოს გაუქმება უკრაინაში არსებულ კორუფციას კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შეუქმნიდა. კრიტიკის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა კანონპროექტი დააინიციირა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას აღადგენს.

„ევროკომისიას გაწეული ექსპერტიზისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენ ერთი ხედვა გვაქვს: მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მივიღოთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ X-ზე ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ.

22 ივლისს რადას მიერ მიღებული და ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი, უკრაინის გენერალურ პროკურორს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს ანიჭებდა. კერძოდ, გენერალურ პროკურორს ანტიკორუფციული ბიუროსთვის მითითებების მიცემის, ანტიკორუფციული სამსახურისთვის კი ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალება ეძლეოდა.

აღნიშნულმა კანონმდებლობამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვია, რასაც კიევში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციაც მოჰყვა. მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა, ზელენსკიმ კანონპროექტს ხელი იმავე საღამოს მოაწერა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.