ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის წევრი სახელმწიფოები თავშესაფრების გაცემისა და მიგრანტების უკან დაბრუნების პოლიტიკის საერთო პოზიციებზე შეთანხმდნენ.
მიუხედავად 200-ზე მეტი ორგანიზაციის კრიტიკული პოზიციისა, ევროკომისიის მიერ წარდგენილი შეთავაზება დიდი ალბათობით მალე კანონად გადაიქცევა. ევროკავშირის საბჭო შეთანხმებული პოზიციების კანონპროექტად გადასაქცევად და საბოლოო რედაქციის მისაღებად კონსულტაციებს ევროპარლამენტთან გაივლის.
თავშესაფრის მიღების შესახებ ახალი წესების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს უფლება ექნება თავშესაფრის განაცხადზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ პირს შეეძლო უსაფრთხო თავშესაფრის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირი უსაფრთხოდ მიიჩნევს. უფრო კონკრეტულად, შესაძლოა თავშესაფრის ევროკავშირში მაძიებლებს სააპლიკაციო პროცესის გავლა ე.წ. უსაფრთხო მესამე სამყაროს ქვეყნებში მოუწიოთ.
შესაბამისად, შეიქმნება ასეთი უსაფრთხო ქვეყნების სიაც. კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ამგვარ უსაფრთხო მესამე სამყაროს ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები და რამდენიმე სხვა (ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, მაროკო, ტუნისი და ა.შ.) წარმოადგენენ.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭო მიგრანტების უკან დაბრუნების საერთო წესების მიღებაზეც შეთანხმდა. ახალი წესების თანახმად, მიგრანტები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მოხალისეობრივად არ დაბრუნდებიან, შესაძლოა დროებითი მოთავსების ბანაკებში მოხვედრას დაექვემდებარონ.
აღნიშნულმა ცვლილებებმა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. Amnesty International-ის განმარტებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებული პოზიციები ამერიკული „არაჰუმანური“ მიდგომების ანალოგს წარმოადგენს, საიმიგრაციო ბანაკების იდეა კი „სასტიკია“.














