EU-ს წარმომადგენლები €150-მილიარდიანი შეიარაღების ფონდის დაარსებაზე შეთანხმდნენ

EU-ს წარმომადგენლები €150-მილიარდიანი შეიარაღების ფონდის დაარსებაზე შეთანხმდნენ

გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შეიარაღების შესყიდვის ახალი საგანგებო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც თავდაცვითი პროექტების განსახორციელებლად 150 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული ფონდის შექმნის ინიციატივა მარტში ევროკომისიამ წარმოადგინა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და საერთო ძალისხმევის გაღებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა და მან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისაგან დისტანცირებაზე მიანიშნა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი მომავალში რუსეთის თავდასხმისაგან თავდაცვაში აშშ-ის დახმარებასთან დაკავშირებით.

ევროპული სახელმწიფოების ბევრი ლიდერი ფიქრობს, რომ რუსეთის უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, შემდეგი სამიზნე სწორედ თავად არიან. შესაბამისად, მათმა უმეტესობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯები 30%-მდე გაზარდა. თუმცა ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის ინიციატივა, სახელად SAFE-ი, სწორედ საერთო ფინანსური თავდაცვითი პროექტებით ეროვნული ბარიერების გადალახვას ისახავს მიზნად. ინიციატივის ერთ-ერთი ამოცანა იარაღის წარმოების ევროპული ინდუსტრიის ხელშეწყობაც გახლავთ, რისთვისაც პროექტის ფარგლებში საერთო თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ქვეყნები სწორედ ევროპულ შეიარაღებას შეიძენენ.

საინტერესოა, რომ ინიციატივაში მონაწილეობის მიღების სურვილი დიდმა ბრიტანეთმაც გამოთქვა. სახელმწიფომ ორშაბათს ევროკავშირთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო კომპანიები პროექტ SAFE-ისთვის კვალიფიციურები იქნებიან.