ევროკავშირი უკრაინას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების მოგებიდან 1.6 მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე მსგავსი ტრანშია. შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირისგან გაყინული რუსული აქტივების მოგების სახით პირველი ტრანში 2024 წლის ივლისში მიიღო, მეორე გადარიცხვა კი 2025 წლის აპრილში განხორციელდა.
„აქტივები დაბლოკილი რჩება, მაგრამ მათ მიერ მიღებული პროცენტი შეიძლება უკრაინის დასახმარებლად იქნას გამოყენებული. ეს ღონისძიება ევროკავშირის ვალდებულების ნაწილია, დარჩეს უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ყოველი ცენტი გვაახლოებს ძლიერ, უსაფრთხო უკრაინასთან – და უფრო ძლიერ, უფრო უსაფრთხო ევროპასთან“, – ვკითხულობთ ევროკომისიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, სულ 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა. ამ გაყინული აქტივების უმეტესობას ბრიუსელში დაფუძნებული ფინანსური ინსტიტუტი Euroclear-ი მართავს.