Euronews: რა შემთხვევაში შეუძლია ქვეყანას NATO-ს დატოვება?

Euronews: რა შემთხვევაში შეუძლია ქვეყანას NATO-ს დატოვება?

Photo by Jannik on Unsplash

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ მიზეზით, რომ ევროპული ქვეყნები ირანთან მიმდინარე ომში აქტიური ჩართვისგან თავს იკავებდნენ, გასულ თვეში ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლის იდეა გააჟღერა. ტრამპის მკაცრი ტონისა და მუქარის მიუხედავად, ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის NATO-დან გაყვანას, როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე ალიანსის წევრობის ხელშეკრულების გათვალისწინებით.

რეალურად, NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნებისთვის ალიანსიდან გასვლაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა არც ახალი ყოფილა და არც მოულოდნელი. ერთ-ერთი ბოლო მიმართვისას, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა NATO-ს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და ეს სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც წევრმა ქვეყნებმა უგულებელყვეს ტრამპის მოწოდება, მოეხდინათ საზღვაო ძალების მობილიზება ჰორმუზის სრუტეზე თეირანის ფაქტობრივი ბლოკადის მოხსნაში დასახმარებლად.

„მიმაჩნია, რომ [ეს] გადახედვას არ ექვემდებარება. NATO-ს გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და, სხვათა შორის, ეს პუტინმაც იცის“, — განაცხადა ტრამპმა ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-თან ინტერვიუში.

1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად, ალიანსის დატოვების შესახებ სახელმწიფომ თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა აცნობოს, რომელიც შემდგომ ყველა სხვა წევრ ქვეყანას შეატყობინებს. ალიანსის დატოვება ქვეყანას ოფიციალურად განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ შეუძლია. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების თანახმად, აშშ მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი, ასევე დეპოზიტარი. ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მართავს ხელშეკრულების ტექსტებს, ასევე ამუშავებს ალიანსიდან გასვლისა და გაწევრიანების წინადადებებს.

არსებითად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ NATO-დან გასვლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა აცნობოს. ამის შემდგომ კი დეპარტამენტი, თავისი ვალდებულების შესაბამისად, ყველა სხვა წევრს აცნობებს. თეორიულად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია დარჩეს NATO-ს დეპოზიტარად წევრის სტატუსის გარეშე, მაგრამ დარჩენილ ქვეყნებს შეუძლიათ ხმა მისცენ ხელშეკრულებაში შესწორებებს, რათა ეს მოვალეობები სხვა წევრს გადაეცეს.

აშშ-ის შიდა კანონმდებლობის მიხედვითაც, აშშ-ისთვის ალიანსის დატოვება მარტივი პროცესი არაა. 2023 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც პრეზიდენტს ალიანსიდან გასვლას უკრძალავდა იმ შემთხვევაში, თუ მას სენატში ორი მესამედის უმრავლესობა არ დაუჭერდა მხარს.

ეს ცვლილება 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შევიდა, რომელშიც აღინიშნა, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია „შეაჩეროს, შეწყვიტოს, დენონსირება მოახდინოს ან გავიდეს“ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებიდან, თუ მას არ ექნება სენატის სუპერუმრავლესობა ან კონგრესის აქტი მხარდასაჭერად. ის ასევე კრძალავს ფედერალური სახსრების გამოყენებას NATO-ს დასატოვებლად. აშშ-ში ასევე მოქმედებს ალიანსთან დაკავშირებული სხვა კანონები, მაგალითად, აშშ-ის შენატანები NATO-ს ბიუჯეტში, პერსონალის კონცენტრირება, პორტის კონტროლი და სხვა.

თუმცა Euronews-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეშფოთებას იწვევს NATO-ში აშშ-ის ტექნიკურად დარჩენის, თუმცა ალიანსში შენატანების მკვეთრად შემცირებისა და აშშ-ის მხრიდან მეხუთე მუხლით განსაზღვრული ურთიერთდაცვის ვალდებულებაზე უარის თქმის საკითხი.  ექსპერტთა გაფრთხილებით, აშშ-ის მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა ფუნდამენტურად დააზიანოს ალიანსის ფუნქციონირება.

როგორც Eurasia Group-ის პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა, იან ბრემერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, ტრამპს ალიანსიდან გასვლა სენატის თანხმობის გარეშე არ შეუძლია, „თუმცა, თუ NATO-ს წევრებს არ ექნებათ გარანტია, რომ შტატები მე-5 მუხლს დაიცავს, ალიანსი თავისთავად განადგურდება იმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებსა და კანადას აშშ-ის მიერ დატოვებული ფინანსური უფსკრულის შევსება და ლოგისტიკური საკითხების გადაწყვეტა დასჭირდებათ. მაგალითად, 2025 წლის მოცემულობით, NATO-ს თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 60%, $1.404 ტრილიონი, სწორედ აშშ-ზე მოდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე NATO ფაქტობრივად არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ დაუტოვებია, ამასთან ყველაზე ახლოს საფრანგეთი იყო. 1966 წელს შარლ დე გოლმა ქვეყანა ალიანსის სამხედრო სარდლობის სტრუქტურიდან გაიყვანა, აშშ-ის სამხედროებს კი საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. პრაქტიკაში ის წევრად დარჩა — კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ნატოს პოლიტიკური ფრთის ფარგლებში — მიუხედავად NATO-ს შტაბ-ბინის პარიზიდან ბრიუსელში გადატანისა. პარიზი NATO-ს სამხედრო სარდლობას 2009 წელს, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მმართველობის პერიოდში დაუბრუნდა.