„თეგეტას“ ჰოლდინგში შემავალმა კომპანია EUROPCAR GEORGIA-მ ბაზარზე გასაქირავებლად 300-მდე ავტომობილი წარადგინა. ამ შემადგენლობის უზრუნველყოფის გარდა, კომპანიამ, რომელიც EUROPCAR INTERNATIONAL-ის წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებელს ბოლო ერთ წელიწადში სამი ახალი პროდუქტი შესთავაზა, მათ შორის რის სადისტრიბუციო მანქანების საოპერაციო ლიზინგიც. EUROPCAR GEORGIA-ს დირექტორი, სანდრო საყვარელიძე კომპანიის შედეგებსა და გამოწვევებზე FORBES INSFRASTRUCTURE-თან საუბრობს.
ბატონო სანდრო, 2020 წლის 1 ივნისიდან თქვენი კომპანია Europcar International-ის ფრანშიზი გახდა. რა შედეგები გაქვთ ამ წელიწად-ნახევარში?
ეს წელიწად-ნახევარი მართლაც ძალიან რთული იყო, ვინაიდან ჩვენ სწორედ იმ დროს გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, როდესაც ყველაზე ნაკლებად წარმოსადგენი იყო. Europcar International-ი არის კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტურიზმზე, ეს სექტორი კი 2020 წელს გაჩერდა. თუმცა ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ და იმ დროიდან მოყოლებული ვეცადეთ, შექმნილ სიტუაციას მაქსიმალურად მოვრგებოდით. შედეგად მოვახერხეთ და ბაზარზე არაერთი ისეთი პროდუქტი წარმოვადგინეთ, როგორიც არის სატრანსპორტო მომსახურება და საოპერაციო ლიზინგი. ამან საშუალება მოგვცა, გაგვეფართოებინა ეს მიმართულება და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა დაგვემყარებინა.
ჩვენ დღეს საქართველოში წამყვანი ადგილობრივი ბიზნესები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვენდობიან. შესაბამისად, ეს წელიწად-ნახევარი არა მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდით, არამედ ყოველდღიურად განვითარებისა და გაზრდის შესაძლებლობებს ვხედავდით და ვიზრდებოდით კიდეც. რა თქმა უნდა, რომ არა კრიზისი, ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნებოდა. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით, რომ ავტოგაქირავების მიმართულებით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი სწრაფად გავმხდარიყავით. ამ პერიოდში მოვახერხეთ 300- მდე ავტომობილის შეძენა და გაქირავება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერიოდით.
რამ განაპირობა ის, რომ კრიზისულ პერიოდში შეძელით ბაზარზე თავის დამკვირდება?
ამას აქვს სამი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი. პირველი – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ კომპანიაშია დასაქმებული და მათი თავგანწირვა მაშინ, როდესაც ეს განსაკუთრებით გვჭირდებოდა. მეორე – ჩვენი კომპანია „თეგეტა ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა, „თეგეტა“ კი ავტოინდუსტრიის სფეროში ლიდერია როგორც საქართველოში, ასევე მთელ რეგიონში და მაღალი ნდობით გამოირჩევა; და მესამე – მიზანი, რომ გავმხდარიყავით საერთაშორისო წარმატებული ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში. ამ სამივე ფაქტორმა ერთად ძალიან ეფექტიანად იმუშავა. ასე გაგრძელდება მომავალშიც, ვინაიდან ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.
გეგმებზე მოგვიანებით მინდა გკითხოთ, მანამდე საინტერესოა, როგორ არის Europcar Georgia-ს პორტფელი გადანაწილებული იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის? ასევე ადგილობრივებსა და უცხოელებს შორის?
300 ავტომობილიდან დაახლოებით 260 კორპორაციულ სეგმენტზე ე.წ. საოპერაციო ლიზინგით გაცემული ავტომობილებია. ისინი 1-დან 5 წლამდე ვადით არის გაქირავებული, ძირითად შემთხვევაში ხუთწლიანი იჯარებია, ხოლო დანარჩენი ავტომობილები დღიურად ქირავდება. მათგან დაახლოებით 95% ტურისტებზე მოდის.
როგორ აისახა ტურიზმის სექტორის შემცირება თქვენს ბიზნესზე?
ჩვენი მთავარი მიმართულება მაინც ავტომობილების დღიური გაქირავებაა, თუმცა 2021 წელს, ივლისიდან, ქვეყანაში ტურიზმის მატების საგრძნობლად კარგი ტენდენცია შეინიშნებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა შევადაროთ 2019 და 2018 წლებს, თუმცა შეგვიძლია შევადაროთ იმ მოლოდინებს, რაც 2020-მა წელმა 2021 წლისთვის დაგვისახა. 2021 წელში დავინახეთ, რომ საქართველოზე მაინც არის მოთხოვნა. ივლის-აგვისტოში მოულოდნელად ბევრი ტურისტი შემოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემადგენლობა – 30-40 ავტომობილი, რომლებიც წელს შევიძინეთ ტურისტებისთვის მისაქირავებლად – სრული დატვირთვით მუშაობდა. ეს შემადგენლობა 2021-ში მოთხოვნებს პასუხობდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის აღდგენის გაგრძელების მოლოდინი არსებობს, ვაპირებთ, რომ ავტომობილების რაოდენობა კიდევ გავზარდოთ.
თქვენ ახსენეთ საოპერაციო ლიზინგის შეთავაზება სადისტრიბუციო სატვირთოების მიმართულებით. რამ განაპირობა ეს ნაბიჯი? რა პერსპექტივას და საჭიროებას ხედავთ?
ზოგადად, საქართველოში საოპერაციო ლიზინგის კულტურა სწორედ ახლა იკიდებს ფეხს. ამ პროდუქტის მეტად განვითარებას პანდემიამაც შეუწყო ხელი, ვინაიდან საოპერაციო ლიზინგის დახმარებით კომპანიებს აღარ სჭირდებათ როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრაციული რესურსი, ამიტომ შეუძლიათ, უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული ბიზნესზე და ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი – მისი შეძენა, შეკეთება, დაზღვევა თუ პარკინგი – იმ კომპანიას მიანდონ, რომელიც ამ ბიზნესში გამოცდილია. ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია ქვეყანაში ამ პროდუქტის განვითარებაში. თავიდან დავიწყეთ მსუბუქი ავტომობილების საოპერაციო ლიზინგით, შემდეგ კი დავამატეთ სადისტრიბუციო კომპანიებისთვის სატვირთო მანქანების საოპერაციო ლიზინგიც. „თეგეტას“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ ვთანამშრომლობთ, რომელიც გვერდში გვიდგას. მათი მხარდაჭერით დაახლოებით 70-მდე ავტომობილი გვყავს – მაგალითად, MAN-ის სადისტრიბუციო ვენები, Hino-ს და MAN-ის სატვირთოები და ა.შ.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად თავისუფალია ის ბაზარი, სადაც ოპერირებთ?
ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ აქტიურად ეს ბიზნესი, შესაბამისად, განვითარებისთვის სივრცე დიდია, ამისთვის საჭიროა სწორი ხედვა და სტრატეგია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში კომპანიების რაოდენობა იზრდება, იზრდება მათი მხრიდან ავტომობილების ქირაობის მოთხოვნაც. იმ კომპანიებს, რომელთაც სჭირდებათ ავტომობილი, გაუჩნდათ ყიდვის ალტერნატივა, და ეს ძალიან კარგია. საოპერაციო ლიზინგის მეშვეობით მათ ჰყავთ ავტომობილიც და თან მაქსიმალურად ეფექტიანად და მოქნილად მართავენ როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულ რესურსს. კერძოდ, კომპანიებს ყოველთვიურად აქვთ ფიქსირებული, საიჯარო გადასახადი, რომელიც მოიცავს ავტოპარკის მართვის სრულ ციკლს – შეძენით დაწყებული, მისი სწორი ექსპლუატაციით დასრულებული.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა მიზნები გაქვთ 2022-სთვის?
ჩვენი მთავარი ღირებულება არის ის, რომ სწრაფად მოვახერხეთ ბაზრისთვის სამი ახალი პროდუქტის შეთავაზება და შევქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებელთა გამოცდილება, ვინაიდან 2022 წლისთვის ვაპირებთ ჩვენი მომსახურების პროცესის კიდევ უფრო მეტ გაციფრულებას, რაც გამოიწვევს ავტომობილის დაქირავების პროცესის გამარტივებას, დაჩქარებას და მეტი კომფორტის შექმნას. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და ვაპირებთ, მომალ წელს ჩვენი ბიზნესი კიდევ უფრო განვავითაროთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ უფრო მეტი ავტომობილის დამატებას, რასაც ბუნებრივად მოჰყვება მომხმარებელთა რიცხვის ზრდაც, ვინაიდან ჩვენ გვენდობიან როგორც ადგილობრივი წამყვანი კორპორაციები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში ჩამოსული ტურისტები. ამიტომ 2022 წელს ოპტიმისტური მოლოდინებით ვხვდებით.