სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებისათვის ჩინეთმა $230 მილიარდი დახარჯა.
კვლევის თანახმად, 2009-დან 2023 წლამდე გაყიდულ ელექტრომობილებში სახელმწიფოს მხარდაჭერა საშუალოდ 18.8%-ს წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლამდე დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, 2023 წელს კი 11%-მდე შემცირდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთი ელექტრომობილებისთვის გამოყოფილ სუბსიდიებს წლიდან წლამდე ამცირებს – მიზეზი ბოლო წლებში ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნაა.
კვლევა ეხმიანება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილებისათვის ტარიფის, საიმპორტო გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ინიციატივა ჩინური სუბსიდიებით ხელშეწყობილი მწარმოებლებისგან ადგილობრივი ბრენდების დაცვაა. შეგახსენებთ, მსგავსი ინიციატივა თავდაპირველად აშშ-მა წარადგინა, როდესაც ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე გადასახადის 100%-მდე გაზრდა გადაწყვიტა.
ადგილობრივ ბაზარზე ჩინური ელექტრომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ავტომობილების დაბალი ღირებულების გამო ეს პროდუქტი ევროპული და ამერიკული ბაზრებისთვის მიმზიდველია. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ ბაზრებზე სულ უფრო მეტი ჩინური ელექტრომობილი გვხვდება. ამის გამო კი ადგილობრივ მთავრობებს სამართლიანი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად ტარიფების დაწესება ან გაზრდა მოუწიათ.