ივლისიდან ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე გადასახადს არსებული 10%-დან 38%-მდე გაზრდის. ამის მიზეზი ადგილობრივი მწარმოებლებისათვის სამართლიანი კონკურენციის გარემოს შექმნაა. გარდა ამისა, პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკი ჩინური სუბსიდირებული საქონლის იმპორტის სამართლიანი კონკურენციის პირობების საკითხსაც გამოიძიებს. ისინი ეჭვობენ, რომ ჩინური კომპანიები სუბსიდიებით ევროკავშირის ბაზრებზე ოპერირებისას ბენეფიტებს იღებენ.
გამოძიებას ევროკომისია გაუძღვება, რომლის მიზანიც არასამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბების პრევენცია იქნება. კომისიის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებით, პირველ ეტაპზე იმპორტის გადასახადს, ანუ ტარიფებს, ჩინურ ელექტრომობილებს დაუწესებენ. იმ კომპანიებს, რომელთაც ევროკომისიასთან ითანამშრომლეს – 21%-იანი გადასახადი, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებმაც არ ითანამშრომლეს, 38.1%-იანი გადასახადი დაუწესდება – მაგალითად, BYD-ს – 17.4%-იანი ტარიფი, Geely-ს – 20%-იანი, ხოლო SAIC-ს 38.1%-იანი ტარიფი.
როგორც ცნობილია, იმპორტის გადასახადი ძალაში 4 ივლისიდან შევა, სუბსიდიებთან დაკავშირებული გამოძიება კი 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გარდა ელექტრომობილების ინდუსტრიისა, ევროკომისია ჩინური თუნუქით შეფუთულ, ასევე რკინისა და ფოლადის პროდუქტების ანტიდემპინგურ გამოძიებასაც აწარმოებს. ევროკომისიის დაინტერესების საგანი ჩინური ხის იატაკის მასალების იმპორტირების საკითხიც გახდა. გამოძიებას ასევე დაექვემდებარება სუბსიდირებული ჩინური სამედიცინო მოწყობილობების, ქარის ტურბინებისა და მზის პანელების ევროკავშირში იმპორტიც. თუკი დადგინდა, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები ჩემოთვლილი პროდუქტების შემთხვევაშიც ირღვევა, შესაბამისი საიმპორტო გადასახადები ამ შემთხვევაშიც დაწესდება.