ევროკავშირი ყაზახეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს

ევროკავშირი ყაზახეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს

ბრიუსელმა ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურები დაიწყო. გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირისა და ყაზახეთის თანამშრომლობის საბჭოს რიგით 22-ე სესიის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული, ხოლო საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ, ხუთშაბათს ყაზახეთში პირველი ოფიციალური ვიზიტისას დაადასტურა.

კოშტას განცხადებით, სავიზო რეჟიმის გამარტივება როგორც ყაზახეთის, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მუშაობისა და ინვესტირების შესაძლებლობას გაამარტივებს. გადაწყვეტილებას მიესალმა ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც და აღნიშნა, რომ შეთანხმება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ბიზნესის სფეროში თანამშრომლობასა და მობილობას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ყაზახეთმა ცენტრალური აზიისთვის 12 მილიარდი ევროს ინვესტიციის პაკეტსაც დაუჭირა მხარი. ტოკაევის თქმით, თანხები ტრანსპორტის, ნედლეულის, მწვანე ენერგიისა და ციფრული ტექნოლოგიების პროექტებისთვის იქნება გამოყოფილი.

ყაზახეთმა ევროპისთვის სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის პირობაც დადო. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც წელს კასპიის მილსადენის კონსორციუმზე (CPC) თავდასხმა განხორციელდა. ცნობისთვის, ყაზახეთის ნავთობის 80% სწორედ CPC-ის გავლით, მათ შორის ევროპაში, მიედინება.

ყაზახეთში ვიზიტისას, კოშტამ მასპინძელი ქვეყანა გაეროს ქარტიის მიმართ ერთგულებისთვისაც შეაქო და აღნიშნა ტოკაევის როლიც, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეწყობაში, რაც შუა დერეფნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ვიზიტი ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 10 წლის იუბილეს დაემთხვა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა.