ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს, სავარაუდოდ, დღეს წარადგენს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს, სავარაუდოდ, დღეს წარადგენს

ევროკომისიამ დღეს, 19 სექტემბერს, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, სანქციების მე-19 პაკეტი მოამზადა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი, მიიღო“, – განუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პაულა პინიომ ბრიუსელში ჟურნალისტებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი, კაია კალასი, სავარაუდოდ, დეტალებს დღის ბოლოს წარადგენენ. ამის შემდეგ კი გეგმა ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს.

ევროკომისიის ოფიციალურმა პირებმა გასულ დღეებში განაცხადეს, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსულ კრიპტოაქტივებს, ბანკებსა და ენერგეტიკის სექტორს შეეხება.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ბოლო, მე-18 პაკეტი, 18 ივლისს დაამტკიცა. ის, ძირითადად, რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას ისახავდა მიზნად. ზომები მოიცავდა რუსული საზღვაო ნავთობის ექსპორტის ფასის ლიმიტის შემცირებას ბარელზე 47,60 დოლარამდე, ასევე სანქციებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 100-ზე მეტი გემისთვის და სხვა.