გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად €100 მილიარდის მოცულობის ფონდის შექმნას განიხილავს. როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პირები Bloomberg-თან აცხადებენ, უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა შესაძლოა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის წინადადების ნაწილი გახდეს, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე თვის ბოლოს უნდა წარადგინოს.
ანონიმური წყაროების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ბიუჯეტის მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის მხარდამჭერ ფონდს დაამტკიცებენ, დაფინანსების გაცემა 2028 წლიდან დაიწყება. ფონდის მთავარი მიზანი ომით განადგურებული ქვეყნისთვის სტაბილური ფინანსური დახმარების შენარჩუნებაა, ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების ნიშნები არ ჩანს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა კიევისთვის 160 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო. ეს თანხა მოიცავს 50 მილიარდი ევროს ფონდს, რომელიც უკრაინისთვის გრანტებსა და სესხებს 2027 წლამდე ახანგრძლივებს. დიდი შვიდეულის სახელმწიფოებთან ერთად, ევროკავშირმა უკრაინისთვის სესხის სახით 50 მილიარდი დოლარიც დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე დაიფარება.
დაფინანსების ახალი შეთანხმება არსებულ მოდელს მიჰყვება, რომლის თანახმადაც, ევროკომისია, უკრაინისთვის დახმარებას გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების საშუალებით გასცემს. გამოყოფილი თანხის უმეტესობა უკრაინის მთავრობამ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განსახორციელებად უნდა გამოიყენოს.