ევროკავშირმა Apple-ი და Meta ჯამში $800 მილიონით დააჯარიმა

ევროკავშირმა Apple-ი და Meta ჯამში $800 მილიონით დააჯარიმა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, ციფრული ბაზრების აქტის (DMA) დარღვევისთვის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები დააჯარიმა. Apple-ს 570 მილიონი აშშ დოლარის (500 მილიონი ევრო) გადახდა დაეკისრა, Meta-ს კი – 228 მილიონი აშშ დოლარის (200 მილიონი ევრო). გადაწყვეტილება ერთწლიანი გამოძიების შემდეგ გახდა ცნობილი და შესაძლოა, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სავაჭრო და ტარიფებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში დაძაბულობა შეიტანოს.

ევროკომისიის თქმით, Apple-მა აპლიკაციის დეველოპერებს შეზღუდვები დაუწესა, რაც მათ არ აძლევდა საშუალებას, სრულად ესარგებლათ ალტერნატიული არხებით – App Store-ის მიღმა არსებული პლატფორმებით.

გარდა ამისა, ევროკომისიის ცნობით, Apple-ი ხელს უშლიდა მომხმარებლებს, მიეღოთ ინფორმაცია შედარებით დაბალფასიანი და ალტერნატიული შეთავაზებების შესახებ, რაც ასევე მიიჩნევა DMA-ს დარღვევად. კომპანიას დაევალა ტექნიკური და კომერციული შეზღუდვების გაუქმება და მომავალში მსგავსი დარღვევებისგან თავის შეკავება.

რაც შეეხება Meta-ს, კომისიამ მიიჩნია, რომ მისი სარეკლამო მოდელი — „დაეთანხმე ან გადაიხადე“ — არ შეესაბამება რეგულაციებს. აღნიშნული მოდელი მომხმარებელს ან პერსონალიზებული რეკლამებით სავსე უფასო Facebook/Instagram-ის გამოყენებას სთავაზობს, ან გადასახადის გზით რეკლამებისგან თავისუფალ ვერსიას.

ევროკომისიის განცხადებით, Meta-მ არ უზრუნველყო მომხმარებლებისთვის უფასო ვერსიის მიწოდება, რომელიც ნაკლებად ეყრდნობა მათ პირად მონაცემებს, რაც Digital Markets Act-ის მოთხოვნათა დარღვევაა.

კომისიის განცხადებით, ისინი იკვლევენ Meta-ს მიერ 2024 წლის ნოემბერში შეთავაზებულ ალტერნატიულ მოდელს. ეს უკანასკნელი მომხმარებელს Facebook-ისა და Instagram-ის უფასო ვერსიას სთავაზობს, რომელიც, კომპანიის მტკიცებით, რეკლამების ჩვენებისთვის პირად მონაცემებს ნაკლებად იყენებს.

Apple-ის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კომპანიის თქმით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უსამართლოდ ესხმის თავს ევროკომისია Apple-ს, რაც, მისი თქმით, საზიანოა როგორც მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე თავად პროდუქტის ხარისხისთვის.

Meta-ს გლობალური ურთიერთობების ხელმძღვანელმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ კომპანია, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნა ბიზნესმოდელის შეცვლის თაობაზე ფაქტობრივად მრავალმილიარდიანი ტარიფის დაწესებას უდრის, რომელიც კომპანიას ავალდებულებს, მომხმარებელს შედარებით არასრულფასოვანი მომსახურება შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯარიმების გამოცხადებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის მიმართ დაწესებული საპასუხო ტარიფების 90-დღიანი შეჩერება, მეორე მხრივ კი, ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამერიკული საქონლის იმპორტის წინააღმდეგ დაგეგმილი ზომების შეჩერებასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ მოლაპარაკების სურვილი დააანონსა, თუმცა ბრიუსელში უკვე გაკეთდა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ სავაჭრო ომის გამწვავების შემთხვევაში ევროკავშირი ამერიკული მომსახურების ექსპორტს და განსაკუთრებით მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ამოიღებს მიზანში.

პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები ღიად აცხადებენ, რომ ევროკავშირი ამერიკულ კომპანიებს „უსამართლო ჯარიმებსა“ და „მძიმე საერთაშორისო რეგულაციებს“ უწესებს, რაც მათ ოპერაციებზე უარყოფითად აისახება.