ევროკავშირმა გაზის იმპორტში მზისა და ქარის ენერგიის წყალობით €11 მილიარდი დაზოგა

ევროკავშირმა გაზის იმპორტში მზისა და ქარის ენერგიის წყალობით €11 მილიარდი დაზოგა

ანალიტიკური ცენტრების, E3G-ისა და Ember-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მზისა და ქარის წყაროებიდან ენერგიის რეკორდული წარმოებით, ევროკავშირმა უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, ბუნებრივი აირის იმპორტში €11 მილიარდის დაზოგვა შეძლო. განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდა დიდწილად ევროპის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას უკავშირდება.

უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტიდან, მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ ევროკავშირის სრული ელექტროენერგიის რეკორდული 24% შეადგინა. განახლებადი ენერგიის წარმოების მატება ორგანიზაციას 70 მილიარდი კუბურ მეტრი გაზის იმპორტის თავიდან აცილებაში დაეხმარა.

E3G-ისა და Ember-ის კვლევის მიხედვით, მარტის შემდგომ ევროკავშირის 19-მა წევრმა ქვეყანამ ქარისა და მზის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებაში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. მათ შორის, წლიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (+48.5% 2021 წელთან შედარებით) პოლონეთში, ხოლო აბსოლუტური გამომუშავების ყველაზე დიდი ზრდა (7.4 ტერავატ/საათი) ესპანეთში დაფიქსირდა. მხოლოდ ესპანეთის მიერ განახლებადი ენერგიის წარმოებით, ევროკავშირმა იმპორტირებული გაზის ხარჯში €1.7 მილიარდი დაზოგა.

აღსანიშნავია, რომ მზარდი ფასების მიუხედავად, 2022 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ელექტროენერგიის წარმოების 20% კვლავ ბუნებრივ აირზე მოდიოდა, რაც მოხსენების თანახმად €82 მილიარდის ხარჯებს უტოლდება.

Ember-ის ენერგეტიკისა და კლიმატის მიმართულების უფროსი ანალიტიკოსის, პაველ ჩიზაკის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების მიზანს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უფრო სერიოზულად უდგებიან და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქარისა და მზის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ზრდა ბლოკს რიგ კრიზისებთან გამკლავებაში დაეხმარება.