ევროკავშირმა გრენლანდიასთან პარტნიორობის €200-მილიონიანი პაკეტი გააფორმა

ევროკავშირმა გრენლანდიასთან პარტნიორობის €200-მილიონიანი პაკეტი გააფორმა

ფოტო: Mads Claus Rasmussen/AFP/Getty Images

 

ევროკავშირმა გრენლანდიასთან პარტნიორობის €200-მილიონიანი ($232.5 მილიონი) პაკეტი გააფორმა, რომელიც არქტიკული კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მიმდინარე წელს და 2027 წელს განხორციელდება და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ციფრულ კავშირს, მდგრად სამთო მოპოვებას, ენერგეტიკას, ტურიზმს, განათლებას, თევზჭერასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

„გრენლანდიას შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. ეს იყო ჩემი გზავნილი ბოლო ვიზიტის დროს. დღეს დავბრუნდი, რათა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის რეალური შედეგები წარმოვადგინო – ევროკავშირისა და გრენლანდიის ახალი პარტნიორობის პაკეტი, რომლის ღირებულებაც €200 მილიონია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება გრენლანდიაში ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს და ბლოკის პოზიციებს გააძლიერებს როგორც თავად გრენლანდიაში, ისე მთლიანად არქტიკის რეგიონში. „გრენლანდია სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეგობარია“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ამის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ აცხადებს, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების შემადგენლობაში უნდა მოექცეს. გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, თუმცა კუნძულს ფართო თვითმმართველობა აქვს. ქვეყნის მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები და არქტიკაში მზარდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მას აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოების ინტერესის ობიექტად აქცევს.