ევროკომისიამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), პალესტინის სავალუტო ორგანოსთან (PMA) საფინანსო დოკუმენტი გააფორმეს. ფინანსური შეთანხმება, პალესტინის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, 400 მილიონი ევროს დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს.
საფინანსო დოკუმენტს ხელი ოთხშაბათს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მოეწერა. პროგრამა ე.წ. შუალედური ინსტრუმენტია, რომელიც PMA-ისა და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელდება. შედეგად, პალესტინაში, მიკრო-, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (SMEs), ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებისთვის დაფინანსებებზე წვდომა უნდა გაუმჯობესდეს.
€400-მილიონიან ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარმა დუბრავკა შუიცამ, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ამბრუაზ ფაიოლმა და გაეროში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა მოაწერეს. შუიცას განცხადებით, EU-ს ფინანსური შეთანხმების მიზანი, მცირე ბიზნესის მხარდაჭერით, პალესტინის ეკონომიკის გაძლიერებაა.
შუიცა რიგი ევროპული ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ერთადერთი გამოსავალი ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტაა და, ეტაპობრივად, ამას ყველა ქვეყანა მიხვდება“. ცნობისთვის, ორი სახელმწიფოს შექმნის იდეა გაეროში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ამას „ჰამასისთვის ჯილდო“ უწოდა.
ევროკომისრის თქმით, ის არ ემხრობა ტრამპის მოსაზრებას, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება „ჰამასისთვის ჯილდოა“, თუმცა, თავის მხრივ, ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტთან სამ ძირითად საკითხზე თანხმდება, ესენია: მძევლების გათავისუფლება, [ღაზის მმართველობაში] „ჰამასის“ როლის არქონა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვება. შუიცას თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა კონფლიქტი ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრას.