დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, რომლის მთავარი სამიზნეც რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-ზე მეტი ხომალდია. აღნიშნულის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
კაია კალასის განმარტებით, სანქციების ახალ პაკეტში მიღებული ზომები ჰიბრიდული საფრთხეებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ნაბიჯებსაც ითვალისწინებს.
„უფრო მეტი სანქციები შემუშავების პროცესშია. რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად EU-ს მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხებიც განიხილა. სხდომას დისტანციურად შეუერთდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.