ევროკავშირში დასაქმების დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროკავშირში დასაქმების დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

OECD-ის უახლესი მონაცემების თანახმად, ევროკავშირში დასაქმების დონემ 2024 წლის მეოთხე კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2005 წლის შემდეგ (მას შემდეგ, რაც OECD-მა პირველად დაიწყო ამ მონაცემების გამოქვეყნება) ორგანიზაციის რვა წევრ ქვეყანაში დასაქმების ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თავის მხრივ, უმუშევრობის დონე 2025 წლის თებერვალში უკანასკნელ 25 წელიწადში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.

OECD-ის თანახმად, 2024 წლის ბოლო კვარტალში ევროკავშირში დასაქმების დონემ 70.9% შეადგინა. მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილ ევროკავშირის 24 წევრ ქვეყანას შორის დასაქმების მაჩვენებლები 62.2%-დან (იტალიაში) 82.3%-მდე (ნიდერლანდებში) მერყეობდა. ევროკავშირის შერჩეული კანდიდატი ქვეყნების ჩათვლით, EFTA-ს წევრებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 85.6%, ისლანდიაში, ხოლო ყველაზე დაბალი, 55.2%, თურქეთში დაფიქსირდა.

ევროპის ხუთ უმსხვილეს ეკონომიკას შორის დასაქმების ყველაზე მაღალი დონე იყო გერმანიაში, 77.6%, რომელსაც 75%-იანი მაჩვენებლით გაერთიანებული სამეფო მოჰყვება. საფრანგეთის დასაქმების დონემ 2024 წლის ბოლო კვარტალში 68.9%-ს მიაღწია, რაც როგორც ევროკავშირის, ასევე OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებია. ესპანეთი (66.3%) და იტალია (62.2%) საბერძნეთთან (63.8%) და თურქეთთან (55.2%) ერთად, დასაქმების დონის მიხედვით რეიტინგის ბოლოს გვხვდებოდნენ.

ევროკავშირის რვა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ, თურქეთმა, დასაქმების ინდივიდუალური რეკორდი 2024 წლის ბოლო კვარტალში დააფიქსირეს. რეკორდული პიკი დაფიქსირდა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის შემთხვევაშიც. ევროკავშირის რვა წევრ სახელმწიფოს შორის, სადაც დასაქმებამ კონკრეტული ქვეყნისთვის ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, მოხვდნენ: გერმანია (77.6%), ჩეხეთი ( 75.6%), პორტუგალია (73%), სლოვაკეთი (72.8%), ხორვატია (71.5%), ბელგია (67.1%), ესპანეთი (66.3%), საბერძნეთი (63.8%).

OECD-ის თანახმად, ევროკავშირში უმუშევრობის დონე 2025 წლის თებერვალში 5.7%-მდე დაეცა – ეს ყველაზე დაბალი დონეა 2000 წლის იანვრის შემდეგ. ცნობისთვის, მონაცემები, ორივე კვლევისთვის, 15-64 წლის პირებს მოიცავს. უმუშევრობის მაჩვენებელი 2.6%-დან (პოლონეთში) 10.4%-მდე (ესპანეთში) მერყეობდა. ამასთან ერთად კი ესპანეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელმა 10%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

ანგარიშის მიხედვით, ევროპის წამყვანი ათი სახელმწიფო დასაქმების ყველაზე მაღალი დონით (2024 წლის მეოთხე კვარტალი):

  1. ისლანდია – 85.6% (რეკორდი – 87%)
  2. ნიდერლანდები – 82.3% (რეკორდი – 82.5%)
  3. შვეიცარია – 80.4% (რეკორდი – 80.8%)
  4. გერმანია – 77.6% (რეკორდი)
  5. ნორვეგია – 77% (რეკორდი – 78.1%)
  6. დანია – 76.9% (რეკორდი – 77.8%)
  7. შვედეთი – 76.2% (რეკორდი – 77.7%)
  8. ჩეხეთი – 75.6% (რეკორდი)
  9. უნგრეთი – 75.1% (რეკორდი – 75.2%)
  10. ესტონეთი – 75.1% (რეკორდი – 76.8%)
  • ევროკავშირი – 70.9 % (რეკორდი)
  • ევროზონა – 70.6% (რეკორდი)
  • OECD – 70.3%