ევროკავშირში ენერგეტიკული ტრანზიციის ახალი ინიციატივები

ევროკავშირში ენერგეტიკული ტრანზიციის ახალი ინიციატივები

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე ენერგეტიკული ტრანზიციის ახალ ევროპულ ინიციატივებზე საუბრობს:

„16 მარტს ევროკომისიამ ენერგეტიკული სექტორისთვის მასშტაბური მნიშვნელობის რამდენიმე ინიციატივა წარადგინა. წინადადებები, მათ შორის, მოიცავს წმინდა ნულოვანი ინდუსტრიის აქტს (NZIA), ევროპული კრიტიკული ნედლეულის აქტს (ECRMA), წყალბადის ბანკის დაფუძნების ინიციატივასა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას.

NZIA, რომლის მიზანი იმპორტირებულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების შემცირება და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობაა, წარმოადგენს ევროკავშირის პასუხს აშშ-ის მიერ შემუშავებულ ინფლაციის შემცირების აქტზე (IRA). IRA 2022 წლის აგვისტოში ამოქმედდა და ითვალისწინებს მწვანე ინდუსტრიის უპრეცედენტო პირდაპირ მხარდაჭერას საგადასახადო კრედიტების, სესხებისა და გრანტების სახით. IRA-ის მიღების შემდგომ მწვანე ტექნოლოგიების არაერთმა ევროპულმა მწარმოებელმა განაცხადა დაგეგმილი ინვესტიციების აშშ-ში გადატანის შესახებ, რამაც ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია. ოკეანის გადაღმა წარმოების გაფართოება დააანონსეს Volkswagen-მა და BMW-მ, დამტენების რამდენიმე მწარმოებელმა, ასევე Iberdrola-მ, ესპანური განახლებადი ენერგიების გიგანტმა, რომელიც ინვესტიციების ნახევრის აშშ-ში გადატანას გეგმავს.

NZIA-მ ხელი უნდა შეუწყოს ბლოკის ენერგოდამოუკიდებლობას და ისეთი ტექნოლოგიების წარმოებას, რომლებიც კრიტიკულია კლიმატური ნეიტრალიტეტისთვის – მათ შორის, მზის პანელების, ქარის ტურბინების, ბატარეებისა და ელექტროლიზატორების. აქტის თანახმად, 2030 წლისთვის სუფთა ტექნოლოგიაზე ევროკავშირის მოთხოვნის არანაკლებ 40% უნდა იყოს ადგილობრივად წარმოებული; შედარებისთვის, დღეს გამოყენებული მზის პანელების მხოლოდ 10% იწარმოება ევროკავშირში. NZIA ასევე განსაზღვრავს ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებს, მათ შორის, ნებართვების მიღების გამარტივებულ და დაჩქარებულ პროცედურას, დაფინანსების შესაძლებლობასა და მარეგულირებელ „სათამაშო მოედნებს“, რომლებიც იქმნება ინოვაციური ტექნოლოგიების კონტროლირებულ გარემოში გამოსაცდელად. აქტი ასევე არაპირდაპირ ითვალისწინებს ევროპული წარმოების სუფთა ტექნოლოგიების საჯარო შესყიდვების წახალისებას.

მიუხედავად NZIA-ის მიზნებისა, ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ იგი არ არის საკმარისად ეფექტიანი მექანიზმი და ვერ შეძლებს, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ IRA-ს, რომლის წარმატებას განაპირობებს სუბსიდიის მექანიზმის სიმარტივე და მხარდაჭერის მიღების კრიტერიუმების გამჭვირვალობა. ევროკავშირში არსებული მიდგომების დუალიზმი, რაც განპირობებულია უფლებამოსილებების გადანაწილებით კავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის, იწვევს მხარდაჭერის მექანიზმებისა და მათი მოპოვების წესების სირთულეს. ამასთანავე, მიუხედავად მათი გარკვეულწილად გამარტივებისა, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში მოქმედი სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი წესები დამატებით შეზღუდავს ფინანსური მხარდაჭერის გაცემის პროცესს.

ევროკომისიამ ასევე დააანონსა ევროპული წყალბადის ბანკის შექმნა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს განახლებად წყალბადში კერძო ინვესტიციების განხორციელებასა და პროექტების კოორდინაციას. აღსანიშნავია, რომ REPowerEU-ის  გეგმის მიხედვით, ევროკავშირმა 2030 წლისთვის 20 მილიონი ტონა განახლებადი წყალბადი უნდა მოიხმაროს, რომლის ნახევარი ადგილობრივად უნდა იყოს წარმოებული.

რაც შეეხება ECRMA-ს, მისი მიზანია წმინდა ნულოვანი ინდუსტრიისთვის აუცილებელ ნედლეულზე ევროპის წვდომის გარანტირება. აქტი ითვალისწინებს კრიტიკული და სტრატეგიული ნედლეულის ჩამონათვალს და განსაზღვრავს 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებს: ნედლეულის 10% – მოპოვებული,  ხოლო 40% ევროკავშირში უნდა იყოს გადამუშავებული. ამასთანავე, მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების მიზნით, აიკრძალა მოხმარებული კრიტიკული ნედლეულის 65%-ზე მეტის იმპორტირება რომელიმე ერთი მესამე ქვეყნიდან.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილმა ბაზრის რეფორმამ, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლების მიერ განახლებადი ენერგიებიდან სარგებლის მიღებას. რეფორმა 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის გამოძახილია, რომელმაც ბაზრის მოქმედი მოდელის ნაკლოვანებები გამოავლინა, მათ შორისაა ენერგეტიკული სიღარიბე და მიმწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ რისკების არასაკმარისი ჰეჯირება.  რეფორმა მიზნად ისახავს მომხმარებლების დაცვას როგორც მოკლევადიან, ისე – გრძელვადიან პერიოდში, ამავდროულად კი იმ სტრატეგიის  შენარჩუნებას, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკულ ტრანზიციასა და ენერგოუსაფრთხოებას.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადება ელექტროენერგიის ფასის სტაბილურობისა და განახლებად ენერგიებში ინვესტიციების ხელშეწყობისთვის ორ ძირითადად მექანიზმს ითვალისწინებს – ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებსა (PPA) და ფასთა შორის სხვაობის ორმხრივ ხელშეკრულებებს (CFD). PPA სუბსიდიის გარეშე განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმია და გულისხმობს მწარმოებელსა და კორპორაციულ მყიდველს შორის ელექტროენერგიის შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას, რაც გამყიდველს უქმნის ელექტროენერგიის განსაზღვრულ ფასად გაყიდვის გრძელვადიან მექანიზმს. ამასთანავე, PPA საშუალებას აძლევს მყიდველს, უზრუნველყოს რისკების ჰეჯირება. რეფორმის მიზანია PPA-ების ფართო გავრცელებისა და მცირე მოთამაშეებისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პირველ რიგში იმ ფინანსური რისკების აღმოფხვრით, რომლებიც მყიდველის გადახდისუნარიანობასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროკავშირში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 1% გაიყიდა PPA-ებით, ხოლო უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში PPA-ებით შესყიდული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობის ნახევარი ბაზრის 10 უმსხვილეს მონაწილეზე მოდის.

რაც შეეხება CFD-მექანიზმს, იგი  გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მინიმალური ფასის გარანტიის მიცემას ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის, და ამავდროულად იმ მაქსიმალური ფასის განსაზღვრას, რომლის ზემოთ მიღებული შემოსავალი მწარმოებლის მიერ უბრუნდება სახელმწიფოს, ეს თანხები კი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ენერგეტიკული სიღარიბის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებებისთვის. რეფორმა ასევე ითვალისწინებს ვირტუალური ჰაბების შექმნას ფორვარდული ბაზრების ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად და სისტემის ოპერატორების ვალდებულებას, სისტემით მოსარგებლეებს მიანიჭონ ელექტროენერგიის გადაცემის უფლება 1 წელზე მეტი პერიოდით.

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაზე ევროკომისიის წინადადებები ბევრისთვის მოულოდნელად მსუბუქი აღმოჩნდა, რადგან წევრი ქვეყნების ნაწილი რადიკალურ ცვლილებებს უჭერდა მხარს. საბერძნეთი ბლოკს სთავაზობდა ბაზრების გაყოფას და განახლებადი და ბირთვული ენერგიების, აგრეთვე, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების ერთი ბაზრისთვის მიკუთვნებას, ხოლო წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებისა და დაგროვების უნარის მქონე ჰიდროელექტროსადგურებისთვის ცალკე ბაზრის შექმნას. ესპანეთი, თავის მხრივ, რეკომენდაციას უწევდა CFD-მექანიზმის რეტროაქტიურად გავრცელებას მოქმედ ელექტროენერგიის მწარმოებლებზე, რაც, ფართო მოსაზრებით, საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის საინვესტიციო გარემოსადმი ინვესტორების ნდობას და უარყოფითად აისახებოდა განახლებადი ენერგიების განვითარებაზე.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადების გაზიარების შემთხვევაში, მოსალოდნელია როგორც ბაზრის მდგრადობის გაძლიერება, ისე – ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა. მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა, წარმოდგენილი შეთავაზებების პაკეტის მნიშვნელობა უდავოდ დიდია და საგრძნობლად შეუწყობს ხელს ენერგეტიკულ ტრანზიციას“. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *