2021 წელს ევროკავშირში სუიციდი 47,346 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, რაც მთლიანი სიკვდილიანობის დონის 0.9%-ს შეადგენდა. გამოდის, რომ სტატისტიკურად ყოველ 100,000 ადამიანზე 10.2 ადამიანი ასრულებდა სიცოცხლეს სუიციდით.
ინფორმაცია Eurostat-მა 10 სექტემბერს, მსოფლიოში სუიციდის პრევენციის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.
თუ შევადარებთ 2011 წელს, როდესაც მონაცემების აღწერა დაიწყო, სუიციდის დონე 13.3%-ით (7,277-ით) შემცირდა. 2011-ში ყოველ 100,000 ადამიანზე 12.4 ასრულებდა სიცოცხლეს სუიციდით.
2021-ში, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ყოველ 100,000 ადამიანზე 19.8 გარდაცვალება, იყო სლოვენიაში, რომელსაც მოჰყვებოდა ლიეტუვა (19.5) და უნგრეთი (15.7).
საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა კვიპროსში (2.7 ყოველ 100,000-ზე), საბერძნეთსა (4.2) და იტალიაში (5.9).
აღსანიშნავია, რომ, როგორც წინა წლებში, სუიციდის დონე უფრო მეტად მაღალი იყო კაცებში, ვიდრე ქალებში. კაცებზე ამ მიზეზით სიკვდილიანობის 76.7% მოდიოდა.
ევროკავშირში ყველაზე მაღალი სუიციდის დონე 45-დან 64-მდე ასაკის ადამიანებშია და მთლიანი მაჩვენებლის 37%-ს (17,441 გარდაცვალება) შეადგენს. შემდგომ ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც სუიციდის მაღალი დონით გამოირჩევა, 65 წელს გადაცილებული ადამიანები შედიან – ამ ჯგუფზე 34% მოდის.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს თვითმკვლელობის შედეგად სიკვდილიანობის კოეფიციენტი (მოსახლეობის 100 000 კაცზე) 5.6 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.3-ით მეტია.
კაცების მაჩვენებელი შეადგენს 9.7-ს, ხოლო ქალების – 1.8-ს, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა.
საქსტატის თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 7.0, საქართველოში 2019 წელს იყო. მცირედით განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), რომლის თანახმადაც ამავე წელს კოეფიციენტი საქართველოში 9.2-ს შეადგენდა.