ევროკომისია ქვეყნებს ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შეჩერებას სთავაზობს

ევროკომისია ქვეყნებს ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შეჩერებას სთავაზობს

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დროებით შეჩერებას სთავაზობს, რაც გავლენას ისრაელიდან ექსპორტირებულ 5.8 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელზე იქონიებს. ევროკომისიის შეთავაზებას ჯერჯერობით ევროპული სახელმწიფოების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შეთავაზება ასევე ისრაელის ორი მინისტრისთვის, ძალადობაში მხილებული მოქალაქეებისა და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ 10-მდე წევრისთვის სანქციების პაკეტის დაწესებას ითვალისწინებს. ისრაელის მთავრობის მინისტრებიდან საუბარია ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირსა და ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩზე, რომლებიც მთავრობაში მკაცრი მიდგომების მხარდაჭერით გამოირჩევიან.

ევროკომისიის აღნიშნული შეთავაზება ღაზის სექტორში გაუარესებული ჰუმანიტარული ვითარებისა და აღნიშნულის გამოსასწორებლად ისრაელის ხელისუფლების პასიურობის შედეგია.

ცნობისათვის, ევროკავშირი ისრაელის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. EU-ს მონაცემების თანახმად, ორ მხარეს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 42.6 მილიარდი ევრო შეადგინა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემთხვევაში, ისრაელურ პროდუქციას ისეთივე გადასახადები დაუწესდება, როგორიც სხვა ქვეყნებისას, რომელთაც ბლოკთან სავაჭრო შეთანხმება არა აქვთ. ევროკომისიის ოფიციალური პირის განმარტებით, განხორციელების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ისრაელიდან ექსპორტირებულ 5.8 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე ექნება გავლენა, რაც ამ საქონელზე დამატებით 227 მილიონი ევროს მოცულობის გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი და მას მორალურად და პოლიტიკურად დამახინჯებული შეთავაზება უწოდა. გიდეონ საარმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია ინიციატივას სისრულეში არ მოიყვანს. ამისათვის შეთავაზებას ევროკავშირის მთავრობების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება – ანუ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან იმ 15-ის მხარდაჭერა, რომელთა მოსახლეობის წილიც ბლოკში 65%-ზე მეტია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.