ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფმა ევროკომისიას მოუწოდა, უნგრეთს ევროკავშირის დაფინანსება დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს. ამის მოტივად ისინი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის დარღვევის სავარაუდო ფაქტებს ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
წერილი, რომელშიც ეს მოთხოვნაა გაჟღერებული, ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისრის, პიოტრ სერაფინისა და დემოკრატიისა და სამართლიანობის საკითხებში კომისრის, მაიკლ მაკგრატის მისამართითაა დაწერილი. წერილს ხელს ხუთი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის 26 ევროპარლამენტარი აწერს.
„ჩვენ, ევროპარლამენტის 26 წევრი გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უნგრეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ევროკომისიას, გააძლიეროს ზეწოლა ვიქტორ ორბანის მთავრობაზე, რათა მან შეწყვიტოს ევროკავშირის ღირებულებებისა და კანონების დარღვევა და დაუყოვნებლივ შეაჩეროს უნგრეთისთვის ევროკავშირის ყველა დაფინანსება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კავშირის ფინანსური ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ ევროკომისიას ამჟამად უნგრეთისთვის 18 მილიარდი ევრო აქვს დაკავებული მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც 2022 წლის დეკემბერში ამოქმედდა. მიზეზი, ძირითადად, ქვეყანაში „ფართოდ გავრცელებული კორუფცია“ და „მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევებია“.
„სამწუხაროდ, 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებების შემდეგ, უნგრეთმა არა მხოლოდ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დადგენილ პირობებსა და/ან ეტაპებთან დაკავშირებით, არამედ სანაცვლოდ, კიდევ უფრო საგანგაშო რეგრესი განიცადა“, – ნათქვამია წერილში.
წერილში მოყვანილია ოთხი ძირითადი საკითხი, რის გამოც მასში გაჟღერებული მოთხოვნა უნდა შესრულდეს. მათ შორისაა მთავრობის პირდაპირი ჩარევა უნგრეთის ანტიკორუფციული ორგანოს მუშაობაში, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვა, რამაც უნგრეთის მოსამართლეთა ასოციაციის პროტესტი გამოიწვია, ბუდაპეშტში პრაიდის მარშის აკრძალვა და „სუვერენიტეტის დაცვის კანონის“ დამტკიცება.
როგორც წერილშია აღნიშნული, 2023 წელს მიღებული ეს კანონი ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ ინსტრუმენტად განიხილება. ის მთავრობას საშუალებას აძლევს, გამოიძიოს უცხოური სახსრების გამოყენება ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მოტივით.
შეგახსენებთ, ამ კანონის გარდა, უნგრეთის პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უცხოეთიდან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები აღირიცხონ და დაჯარიმდნენ.