ევროპარლამენტარები საჯარო სივრცეში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან

ევროპარლამენტარები საჯარო სივრცეში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან

6 ოქტომბერს ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის თაობაზე მორიგი რეზოლუცია მიიღო: ამჯერად ევროპელმა კანონმდებლებმა ამ ტექნოლოგიის ალგორითმულ მიკერძოებულობას გაუსვეს ხაზი, რომელიც, მათი თქმით, მომავალში შეიძლება ტექნოლოგიის მხრიდან დისკრიმინაციის მიზეზად იქცეს. დისკრიმინაციისაგან თავის დასაღწევად, ევროპარლამენტარების აზრით, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ადამიანები უნდა კურირებდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებებიც სწორედ მათ უნდა მიიღონ.

რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ამომცნობი სისტემები ხშირად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების, ასაკოვანი ადამიანებისა და ქალების ვინაობას არასწორად ადგენენ, რაც ამ ტექნოლოგიის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ევროპარლამენტარების აზრით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, ალგორითმები გამჭვირვალე და არგუმენტირებული უნდა იყოს – მეტიც, საჭიროების შემთხვევაში მათი წარმომავლობის დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, რისთვისაც კანონმდებლები სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ დეველოპერებს ღია პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას ავალებენ.

გარდა ამისა, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ღირსების დასაცავად, ევროპარლამენტარები სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მქონე სისტემების საჯარო სივრცეში აკრძალვას მოითხოვენ – მათი თქმით, სახელმწიფომ მხოლოდ იმ ადამიანების მონიტორინგი უნდა მოახდინოს, რომლებიც დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. მეტიც, ევროპელი კანონმდებლები სახის ამომცნობი კერძო მონაცემთა ბაზების, სოციალური რეიტინგებისა და სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებზე არსებული, ბიომეტრიულ მონაცემებზე დაფუძნებული ავტომატური სახის ამომცნობების აკრძალვას ითხოვენ.

„[ადამიანის] ფუნდამენტური უფლებები – უპირობოა. ისტორიაში პირველად, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის სამართლებრივი მიზნებისთვის გამოყენებაზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოვუწოდებთ, რადგან უკვე დამტკიცდა, რომ ეს ტექნოლოგია არაეფექტიანია  და ხშირად დისკრიმინაციას იწვევს. ცალსახად ვეწინააღმდეგებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას წინასწარი განჭვრეტის უნარის მქონე სისტემებში და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ნებისმიერ სახეობას, რომელსაც მასობრივ თვალთვალამდე მივყავართ. ევროპელებისთვის ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი პეტარ ვიტანოვი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების ეს რეზოლუცია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პათოსს იმეორებს: ამ ზაფხულს, მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ და მონაცემთა დაცვის ევროპულმა საზედამხედველო ორგანომ ევროკომისიას ხელოვნური ინტელექტის ყველა იმ სისტემის აკრძალვა ურჩიეს, რომლებიც ბიომეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით ადამიანებს სხვადასხვა კატეგორიად ყოფს. აპრილში კი ევროკომისიამ „ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონის“ მიღება დააანონსა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სამართლებრივ ჩარჩოს შეუქმნიდა.