კვირას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არჩევნები დასრულდა. ბლოკის 400 მილიონამდე მოქალაქემ ჯამში ევროპარლამენტის 720 წევრი აირჩია. შედეგებს განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებაა: მემარჯვენეთა მიმართ მხარდაჭერის ზრდამ საფრანგეთის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აიძულა. პარალელურად კი იტალიაში ყველაზე მეტი ხმა (28%) პრემიერ ჯორჯა მელონის პარტიამ – „იტალიის ძმებმა“ მოიპოვა.
ევროპარლამენტის არჩევნების პირველადი შეფასებით, „მწვანეები“ და „ლიბერალური განახლების“ პარტიები კოლექტიურად დაახლოებით 40-მდე დეპუტატს დაკარგავენ, რაც პარლამენტში პროევროპულ უმრავლესობას პოტენციური საფრთხის ქვეშ დააყენებს. გუშინ ღამით გამოქვეყნებული შედეგებით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ „მწვანეთა“ პარტიას მხოლოდ 53 ევროპარლამენტარი ჰყავს – 2024 წლის მარტში 72 დეპუტატთან შედარებით.
მაკრონის პარტიის მანდატები კი, წლევანდელი შედეგებით, 102-დან 83-მდე შემცირდა. ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა გამარჯვების საპასუხოდ, პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მიმდინარე მოცემულობით, მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიას, „რეკონკისტას“, ქვეყანაში ამომრჩეველთა 31.5%-მა დაუჭირა მხარი.
„საფრანგეთს სჭირდება მკაფიო უმრავლესობა, რათა მშვიდ და ერთიან გარემოში შეძლოს არსებობა. მე მესმის თქვენი გზავნილი, თქვენი შეშფოთება და ამ საკითხს უპასუხოდ არ დავტოვებ“, – წერს მაკრონი X-ზე.
ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ ავსტრიაშიც. ევროპარლამენტის მონაცემებით, პარტია FPÖ-მ ხმების 25.7% მოიპოვა, რის შედეგადაც ევროპარლამენტში მათი რაოდენობა გაორმაგდა და ახლა ექვს დეპუტატს შეადგენს რაც შეეხება გერმანიას, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ქრისტიან-სოციალისტების კავშირმა“ 30%, მოიპოვა, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია AfD-მა – 14.2%.
ეგზიტპოლების მიხედვით, მელონის „იტალიის ძმებმა“, რომელიც მემარჯვენე ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფს განეკუთვნება, მემარცხენე ცენტრისტულ ოპოზიციურ პარტიაზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა. პრემიერის პარტიამ არჩევნებში 28% მიიღო, თუმცა იმავე წარმატებით არ დასრულდა კენჭისყრა მელონის სამთავრობო კოალიციის შემადგენელი სხვა პარტიებისთვის. Forza Italia-მ და Lega-მ, შესაბამისად, ხმების 10.5% და 8% დააგროვეს.
ხმის მიცემა ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო. უახლესი შედეგებით, ასევე მემარჯვენე პარტია PVV-ი, ხეერტ ვილდერსის ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტის ექვს მანდატს მოიპოვებს. მემარჯვენეთა მხარდაჭერა გაზრდილია ესპანეთშიც. არსებული მონაცემებით, პარტია Vox-ი ხმათა დაახლოებით 10%-ით, თავისი წარმომადგენლობის 2-3 დეპუტატით გაზრდას მოახერხებს.
შემადგენლობის სრულად დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტარების პირველი ამოცანა ევროკომისიის პრეზიდენტის დამტკიცება იქნება. ამ მხრივ მთავარი კითხვა მოქმედი ლიდერის გარშემო ტრიალებს, კერძოდ, შეძლებს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით თანამდებობაზე დარჩენას.
ლაიენი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა. „მადლობას ვუხდი ამომრჩეველს, ვინს „ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP) ნდობა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ აქცია ევროპარლამენტი უძლიერეს პოლიტიკურ ძალად“, – დაწერა ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, ხოლო ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის.
ცნობისთვის, EPP-მა არჩევნებში 185 მანდატი მოიპოვა (9 მანდატით მეტი) და ლაიენსაც მეორე ვადით დარჩენის შანსები გაუმყარა. ხოლო სიდიდით მეორე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მემარცხენე ცენტრისტულმა „ევროპის სოციალისტების პარტიამ“ (S&D) 137 მანდატი (2-ით ნაკლები).
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხმის მიცემა ხუთშაბათს დაიწყო და კვირას დასრულდა. 7-დან 9 ივნისის ჩათვლით, ბლოკის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობამ ჯამში 720 ევროპარლამენტარი აირჩია. ჩვეულებრივ, არჩევნებში ეროვნული პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, თუმცა არჩევნების შემდეგ მათი უმეტესობა ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ ჯგუფებში ერთიანდება. ხმის მიცემის უფლება აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს, უმეტეს შემთხვევაში, 18 წლის ასაკს ზემოთ.
ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნები რამდენიმე ძირითად საკითხზეა ორიენტირებული. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კამპანიის მთავარ თემებს შორის უსაფრთხოება და თავდაცვა წინა პლანზე წამოსწია. ამას ემატება ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და სოციალური გარიყულობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და ევროპის მომავალი.