ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუციას კენჭი უყარა.
ევროპარლამენტარებმა ასევე მხარი დაუჭირეს „ევროპის სახალხო პარტიის“, „განაახლე ევროპის“ და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ შესწორებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას მოიცავს.
„გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის დონესთან დაკავშირებით, რომელიც მას აქვს საქართველოს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.
ღრმად შეშფოთებული ვართ ბიძინა ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე.
საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოვუწოდებთ, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესების გამო, განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება “, – წერია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციაში.
ზემოხსენებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის გამო.