ელექტროენერგიისა და სხვა ენერგორესურსების მიწოდება
ბოლო ერთი წლის მანძილზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა თითქმის ყველა ევროპული ქვეყნისთვის მას შემდეგ, რაც ამ რეგიონმა რუსეთის საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა წარმატებით წარმართავს წიაღისეული საწვავიდან ტრანზიციის პროცესს, ევროპული ქვეყნების თითქმის ნახევარი კვლავ დამოკიდებულია მათზე, როგორც ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროზე.
მოცემული გრაფა ასახავს ევროპულ ქვეყნებს ელექტროენერგიის წარმოების მთავარი წყაროს მიხედვით, Electricity Maps-ისა და IEA-ის მონაცემების გამოყენებით, ასევე 2021 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიის მთლიან გამომუშავებას წყაროების მიხედვით.
ევროკავშირში ელექტროენერგიის გამომუშავება ენერგიის წყაროს მიხედვით
ევროპა სტაბილურად გადადის ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე. ამ მხრივ ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული.
2011 წელს წიაღისეული საწვავი (ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი) ევროკავშირის ელექტროენერგიის წარმოების 49 პროცენტს შეადგენდა, განახლებადი ენერგიის წყაროების წილი კი მხოლოდ 18 პროცენტი იყო. ათი წლის შემდეგ, განახლებადი ენერგიის წილი (32 პროცენტი) წიაღისეული საწვავისას (36 პროცენტი) თითქმის გაუთანაბრდა.
აღნიშნული ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ქარისა და მზის ენერგიის გენერირების გაფართოება. 2011-2021 წლებში ელექტროენერგიის ამ წყაროების წილი ევროკავშირის გამომუშავებაში მხოლოდ 8 პროცენტს შეადგენდა, 2021 წლისთვის კი 19 პროცენტამდე გაიზარდა. ეს რაოდენობა შეიძლება მცირედ მოგვეჩვენოს, თუმცა ამ შედეგით ევროპა ოკეანიასთან ერთად პირველ ადგილზეა კონტინენტებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგიას სხვა წყაროებთან შედარებით მცირე წილი უკავია მთლიან გამომუშავებაში, ის ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე გავრცელებული წყაროა ევროპაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს განახლებადი ენერგიის უზრუნველყოფის კუთხით.
ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის წარმოების უმსხვილესი წყაროა ევროკავშირსა და მთელ ევროპაში, მიუხედავად ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მისი გამოყენების შემცირებისა. 2001 წელს ბირთვული ენერგია ევროკავშირის ელექტროენერგიის გამომუშავების მესამედს (33 პროცენტს) შეადგენდა, 2021 წლისთვის კი 25 პროცენტამდე შემცირდა.
ელექტროენერგიის ძირითადი წყაროები ევროპის დიდ ქვეყნებში
ცალკეულ ქვეყნებს რომ შევხედოთ, ევროპის უმსხვილეს სახელმწიფოთა უმრავლესობაში წიაღისეული საწვავი ელექტროენერგიის ყველაზე დიდი წყაროა.
გერმანია კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვანახშირზე, რომლითაც 2017-იდან 2021 წლამდე ქვეყნის ელექტროენერგიის 31 პროცენტი გამოიმუშავებოდა. თუმცა ქარისა და მზის ენერგიას ერთად ასევე მნიშვნელოვანი წილი უკავია (33%).
საფრანგეთი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა, რომელიც ძირითადად ბირთვულ ენერგიაზეა დამოკიდებული – ის ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოების ნახევარზე მეტს შეადგენს.
იტალია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები 2017-2021 წლებში ელექტროენერგიის წარმოების კუთხით ძირითადად ბუნებრივ აირზე იყვნენ დამოკიდებული. იტალიის ელექტროენერგიის 42 პროცენტი ბუნებრივი აირით იწარმოება, თუმცა ნიდერლანდები (40%) და დიდი ბრიტანეთი (38%) მნიშვნელოვნად არ ჩამორჩებიან იტალიას.
ევროპის დიდ ქვეყნებს შორის ესპანეთი წარმოადგენს გამონაკლისს და განახლებადი ენერგიის წყაროებზე წარმატებით გადასვლის მაგალითს. 2017-2021 წლებში ქვეყანა ძირითადად ბუნებრივ აირზე იყო დამოკიდებული (29%). 2022 წელს ბუნებრივი აირის წილი ელექტროენერგიის გამომუშავებაში 14 პროცენტამდე დაეცა, ქარი კი ელექტროენერგიის წარმოების მთავარ წყაროდ იქცა (32%).
ევროკავშირის ენერგეტიკული ტრანზიციის დაჩქარება
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირში ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ბევრმა ქვეყანამ უკვე ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის პროცესი დააჩქარა.
აღნიშნული ტენდენციები მკაფიოდ აისახება Ember-ის ახალ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც 2022 წელს მზისა და ქარის ენერგიამ (22%) პირველად გაუსწრო ბუნებრივ აირს (20%) ელექტროენერგიის წარმოებაში.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ევროკავშირში წიაღისეული საწვავით ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა, Emberის შეფასებით, ის 2023 წელს 20 პროცენტით შემცირდება. თუ ევროკავშირი შეძლებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაჩქარებული წესით შემცირებას, ჩვენ შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოცემულ რუკაზე ბევრად მეტი განახლებადი ენერგიის წყარო ვიხილოთ.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა პორტალზე: Visual Capitalist