ევროპაში სახლების ფასები ბოლო ათწლეულში პირველად შემცირდა

ევროპაში სახლების ფასები ბოლო ათწლეულში პირველად შემცირდა

2023 წელს ევროპაში სახლების ფასები ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად შემცირდა. კერძოდ, Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში კლებამ 0.3%, ხოლო ევროზონაში – 1.1% შეადგინა.

ლუქსემბურგსა და გერმანიაში ფასები ყველზე მეტად, შესაბამისად, 9.1%-ითა და 8.4%-ით შემცირდა, ფინეთსა და შვედეთში კი 5.6%-ითა და 5.3%-ით.

ამავდროულად, ფასები გაიზარდა ხორვატიაში, ბულგარეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 8-12%-ს შორის მერყეობს.

სახლების ფასების პროცენტული ცვლილება ევოროზონასა და ევროკავშირში

წყარო: Eurostat

ეკონომისტების თანახმად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების ბაზარს ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი, გერმანიასა და საფრანგეთში კი პირიქით მოხდა.

არსებობს სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ხორვატიის შემთხვევაში, ეს უკავშირდებოდა 2023 წლის იანვარში ევროს შემოღების შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. პორტუგალიაში ამას განაპირობებდა საგადასახადო შეღავათები მეორე სახლის შესყიდვაზე და მდიდარი უცხოელი მყიდველებისთვის „ოქროს ვიზების“ შეთავაზება, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მთავრობა ამ წამახალისებელი პოლიტიკის დასრულებას გეგმავს.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიასა და ფინეთში ფასები ახლა ერთი ათწლეულის წინანდელ დონეზეა, პოლონეთში, პორტუგალიასა და ლიეტუვაში კი თითქმის გაორმაგებული.

Eurostat-ს არ გამოუქვეყნებია საბერძნეთის მაჩვენებლები, მაგრამ ეროვნული ბანკის მონაცემებით ჩანს, რომ ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია – გასულ წელთან შედარებით ფასები 13.4%-ითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ევროკავშირში ფასები 0.3%-ით, ხოლო ევროზონაში 0.7%-ით შემცირდა. ღირებულებამ პიკს მიაღწია 2022 წლის მეორე კვარტალში, როდესაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის შესაკავებლად საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაიწყო. განაკვეთების რეკორდულ 4%-მდე გაზრდის შემდეგ კი ღირებულებამ 2.9%-ით დაიკლო.