ევროპაში ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვები ფიქსირდება, რის შედეგადაც კონტინენტის ორი მესამედი უკვე განგაშისა და სახიფათო მდგომარეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ევროკავშირის სააგენტოს ინფორმაციით, არსებული კლიმატური ვითარება შიდა გადაზიდვების, ელექტროენერგიის წარმოებისა და გარკვეული კულტურების მოსავლის შემცირების მიზეზი ხდება.
„ევროპის გვალვის ობსერვატორიის“ (EDO) აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, რომელსაც ევროკომისია ზედამხედველობს, კონტინენტის 47%, ნიადაგის ტენიანობის დეფიციტით, „გამაფრთხილებელ მდგომარეობაშია“, ხოლო 17% უკვე „საგანგაშო ზონის კატეგორიას“ მიეკუთვნება. „სასტიკი გვალვა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული ევროპის უმეტეს რეგიონში ფიქსირდება, განსაკუთრებით აგვისტოს პერიოდში ძლიერდება და ფართოვდება. დასავლეთ ევროპა-ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, ნოემბრამდე ჩვეულებრივზე უფრო თბილი და მშრალი იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროპის დიდ ნაწილში რამდენიმე კვირიანმა მაღალმა ტემპერატურებმა გვალვა გააძლიერა, ტყის ხანძრის კერები გაამრავლა და ჯანმრთელობისთვის საშიში პირობები შექმნა. საზაფხულო კულტურებზე გვალვების გავლენის შედეგად, 2022 წელს სიმინდის წარმოება ბოლო ხუთი წლის საშუალოზე 16%-ით ნაკლები იქნება, ხოლო სოიისა და მზესუმზირას მოსავალი შესაბამისად, 15%-ითა და 12%-ით შემცირდება.
ამ ყველაფერთან ერთად შეფერხდა ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავებაც, გაგრილების სისტემებისთვის შექმნილი წყლის დეფიციტის გამო ზიანი მიადგა ენერგიის სხვა მწარმოებლებსაც. წყლის დაბალმა დონემ შეაფერხა შიდა გადაზიდვებიც, ტვირთების შემცირება უარყოფითად აისახა ნახშირისა და ნავთობის ტრანსპორტირებაზე.
EDO-ს პროგნოზით, აგვისტოს შუა რიცხვებში წარმოქმნილი ნალექის შედეგად, შესაძლოა, მდგომარეობა შემსუბუქდეს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ის დამატებითი ზიანის მომტანია.