ევროპის ენერგეტიკული ზამთარი და ბაზრის რეფორმა

ევროპის ენერგეტიკული ზამთარი და ბაზრის რეფორმა

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე ევროპაში ენერგეტიკულ ზამთარსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრობს:

„24 თებერვალს ერთი წელი სრულდება რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყებიდან. ომის დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ რუსეთი ენერგიას ევროპის საწინააღმდეგო იარაღად გამოიყენებდა და კონტინენტს წინ რთული ზამთარი ელოდებოდა. თუმცა, ექსპერტების შეფასების საპირისპიროდ, ევროპა ენერგეტიკულ ზამთარს წარმატებით გაუმკლავდა, რაც როგორც შიდა ღონისძიებების, ისე – გარეშე ფაქტორების დამსახურებაა.

ენერგეტიკული კრიზისის სამართავად ევროკავშირმა უპრეცედენტო ზომები მიიღო. წევრი ქვეყნების ვალდებულება, 2022 წლის 1 ნოემბრამდე გაზსაცავების მოცულობის არანაკლებ 80 პროცენტით შეევსოთ, გადაჭარბებით შესრულდა, დეკემბრის ბოლოს თბილმა ამინდებმა კი სახელმწიფოებს საშუალება მისცა, ხელახლა შეევსოთ მარაგები. კლიმატის ცვლილების თუ იღბლის წყალობით, 2022-2023 წლის ზამთარი რეკორდულად თბილი აღმოჩნდა ევროპის ისტორიაში. ბუნებრივია, მზიანმა ამინდებმა მკვეთრად შეამცირა მოთხოვნა ბუნებრივ გაზზე და ხელი შეუწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ბუნებრივი გაზის დაზოგვის ვალდებულების შესრულებას.

დეკემბერში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, საზეიმოდ გახსნა ქვეყნის პირველი გათხევადებული ბუნებრივი გაზის რეგაზიფიცირების ტერმინალი, რომელიც რეკორდულ დროში, 200 დღეში აშენდა. ექსპლუატაციაში შევიდა ბალტიის მილსადენი, რომელიც ნორვეგიას პოლონეთთან აკავშირებს და წელიწადში 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება შეუძლია. ასევე, გაიხსნა პოლონეთი-სლოვაკეთის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლის მეშვეობითაც ნორვეგიიდან მიღებული ბუნებრივი გაზი დანარჩენ ევროპაში განაწილდება. გარდა ამისა, ეტაპობრივად ექსპლუატაციაში ბრუნდება საფრანგეთის ატომური ელექტროსადგურები, რომლებიც პანდემიით დაყოვნებული სარემონტო სამუშაოების გამო, მწყობრიდან იყო გამოსული. შედეგად, ბუნებრივი გაზის საბითუმო ფასი ევროპაში შემცირდა და 50 ევროს ჩამოსცდა.

ომის დაწყებამდე, ევროპის მთავარ ენერგეტიკულ პარტნიორს რუსეთი წარმოადგენდა, რომელიც კონტინენტის ბუნებრივი გაზის მოთხოვნის თითქმის ნახევარს აკმაყოფილებდა. მართალია, სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდგომ რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მილსადენებით მიწოდება, მაგრამ რუსული გაზის შეტანა ევროპაში დღემდე გრძელდება, ძირითადად, ტანკერებით, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სახით. უფრო მეტიც, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ევროპაში იმპორტირებული რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოცულობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 46 პროცენტით გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, ევროპას კრიზისის დაძლევა თითქმის 800 მილიარდი ევრო დაუჯდა, რაც გამოწვეულია როგორც გადაწყვეტილებით, თითქმის ნებისმიერ ფასად შევსებულიყო გაზსაცავები, ისე სახელმწიფოების მცდელობით, თავიდან აერიდებინათ ფასების გაზრდით გამოწვეული სოციალური უკმაყოფილება. მაგალითად, მიუხედავად საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებლის წინადადებისა, 108 პროცენტით გაზრდილიყო ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტარიფი, 2022 წელთან შედარებით, მხოლოდ 15 პროცენტით გაიზრდება. ანალოგიურად, სხვა ქვეყნებშიც, დადგენილი შეღავათები და დახმარებები, უმეტესწილად თანაბრად მიემართებოდა ყველა საბოლოო მომხმარებელს და არ ხდებოდა იმ სეგმენტის იდენტიფიცირება, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა მხარდაჭერა.

კრიზისის აღმოსაფხვრელად 2022 წელს გაწეული ფინანსური დანახარჯების გამო, ბრიუსელში ელოდებიან, რომ მომდევნო ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება. ამასთანავე, 2022 წელს ბუნებრივი მარაგების შესავსებად ევროპამ ნაწილობრივ რუსეთიდან მილსადენებით მიღებული ბუნებრივი გაზი გამოიყენა, რისი საშუალებაც წელს აღარ ექნება. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე მოსალოდნელია გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, რაც გამოწვეულია გასული წლის ბოლოს ჩინეთში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებით.

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის, კადრი სიმსონის განცხადებით, კრიზისმა ცხადი გახადა, რომ ელექტროენერგიის ბაზრის არსებული მოდელი აღარ არის თავსებადი სამომავლო მიზნებთან, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომ სუფთა ენერგიას ითვალისწინებს. ევროპულ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებზე არსებული მაღალი ფასი სწორ სიგნალებს აძლევს მომხმარებლებს და აიძულებს მათ, მოკლევადიან პერიოდში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, მძიმედ მოქმედებს მათ გადახდისუნარიანობაზე. ამასთანავე, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრებზე მოქმედი ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპის შედეგად, ზემოგება მიიღეს იმ ინტრაზღვრულმა ელექტროსადგურებმა, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე მუშაობენ და არ არიან დამოკიდებული ბუნებრივი გაზის ფასზე. შედეგად, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას ფასების უეცარი და მკვეთრი ზრდისგან და 2022 წლის სექტემბერში, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ელექტროენერგიის ბაზრის ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმა დააანონსა.

ბაზრის ახალი შემოთავაზებული მოდელი დეკემბერში გახდა ცნობილი, 23 იანვარს კი საჯარო კონსულტაციები დაიწყო. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ევროკომისია განიხილავს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ბუნებრივი გაზის ფასების ცვლილებით გამოწვეული ფასთა რყევების შემცირებას ორი ძირითადი მექანიზმის – ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისა და ფასთა შორის სხვაობის ორმხრივი ხელშეკრულებების გამოყენებით. წინადადების თანახმად, აღნიშნული მექანიზმები, ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მოახდინონ ელექტროენერგიის ფასის რყევის ჰეჯირება და მეორე მხრივ, განახლებადი ენერგიების მწარმოებლებს შეუქმნის სტაბილური, გრძელვადიანი შემოსავლის გარანტიას. კონსულტაციები ასევე შეეხება სუფთა ენერგიის წარმოების ხელშეწყობას, ბაზარზე მანიპულაციების თავიდან აცილების გაუმჯობესებულ მექანიზმებს და ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების ალტერნატიულ მექანიზმებს, მათ შორის, მოთხოვნის აგრეგირებასა და შემნახველი მოწყობილობების გამოყენებას.

ბაზრის ახალ მოდელთან დაკავშირებული კონსულტაციები სულ ახლახან, 13 თებერვალს დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი რეფორმა არ იყოს მიზანმიმართული მხოლოდ კრიზისული პერიოდის მართვაზე და გრძელვადიან პერიოდში არ აზიანებდეს ბაზრის მონაწილეთა ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების ნაწილი ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ მექანიზმებს და მიიჩნევენ, რომ სუფთა ენერგიების ათვისების ნაცვლად, ცვლილებები ხელს შეუშლის ბაზარზე კონკურენციასა და გამჭვირვალე საფასო სიგნალების ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, ერთმნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ფასად ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნების სტრატეგია, რომელსაც აქამდე ევროპა იყენებდა, მდგრადი ვერ იქნება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროპული ენერგეტიკული რეფორმა სწრაფად და ფრთხილად განხორციელდეს, რათა კონტინენტი მომდევნო ენერგეტიკულ ზამთარს მომზადებული შეხვდეს“. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *