ევროპის ქვეყნები, სადაც 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციაა დაშვებული

ევროპის ქვეყნები, სადაც 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციაა დაშვებული

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის 75.6% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა. ამ ეტაპზე კი, ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას – გაზარდოს ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი, რათა შეამციროს ვირუსის სწრაფი გავრცელება და მუტაციები.

მიმდინარე წლის მაისში, ევროპული მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 12-15 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის გამოყენება დაუშვა. Pfizer, ამ ასაკობრივ კატეგორიაში დამტკიცებული პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაა. ავტორიზაცია ემყარებოდა 2,259 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, ამ ასაკის ბავშვებში კოვიდვაქცინის იმუნური რეაქცია 16-25 წლის ასაკობრივი ჯგუფის მსგავსი იყო. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის შემდეგ არცერთ ბავშვს კოვიდ-19 არ განვითარებია, განსხვავებით მეორე ჯგუფისა, სადაც პლაცებოს შემდეგ ვირუსის განვითარების 16  შემთხვევა დადასტურდა.

Pfizer-ის ავტორიზაციიდან 1 თვეში, ევროპული მედიკამენტების სააგენტომ 12-17 წლის ბავშვებში კიდევ ერთი კოვიდვაქცინის, Moderna-ს გამოყენება დაუშვა. 3,732 ბავშვში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდგომ მონაწილეებს კოვიდ-19 არ განვითარებიათ.

ჰარვარდის ინფორმაციით კი, შტატებში, Pfizer-ითა და Moderna-თი 300 მილიონი ვაქცინაციიდან, ინფიცირება მხოლოდ 1,000 შემთხვევაში დაფიქსირდა, ძირითადად მოზრდილებსა და ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში შემთხვევების 79% მსუბუქი სიმპტომებით წარიმართა.

ჩატარებული კვლევების მიუხედავად, კვლავ აქტუალურია დისკუსიები –  ბავშვებში, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს თუ არა. აღსანიშნავია, რომ კოვიდით ამ ასაკობრივ ჯგუფში მძიმე დაავადებების განვითარების რისკი საკმაოდ დაბალია, რაც ვაქცინაციის გვერდით მოვლენებთან უნდა შედარდეს. ამას გარდა, EMA-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობა იშვიათი გვერდითი ეფექტების გამოვლენის საშუალებას არ გვაძლევდა. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის პოტენციურ გვერდით მოვლენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული მედიკამენტების სააგენტოს მიერ უკვე ორი თვეა 12 წლიდან ბავშვებისთვის ორივე ვაქცინა დამტკიცებულია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ნაწილი ემხრობა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ინექციის დაშვებას. წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნებს, რომლებშიც 12 წლიდან ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია.

გაერთიანებული სამეფო

18 წლამდე ასაკის პირებში ვაქცინაციის პროგრამა გაერთიანებული სამეფოს მხოლოდ გარკვეულ ნაწილშია დაშვებული. ინგლისმა 16 და 17 წლის მოზარდების ვაქცინაცია 23 აგვისტოდან დაუშვა. ხოლო 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც ან თავად არიან რისკჯგუფში ან ცხოვრობენ ისეთ პირებთან ერთად, რომელთათვისაც კოვიდ-ინფექცია საშიშია, უახლოეს კვირებში მიეცემათ ვაქცინაციის შესაძლებლობა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, აქ 16 და 17 წლის მოზარდებს რამდენიმე კვირაა, რაც ვაქცინაზე წვდომა აქვთ, თუმცა ჯერ უცნობია გაერთიანებული სამეფოდან ვინ როდის დაიწყებს 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციას. გასულ კვირას, ბრიტანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა სააგენტომ 12-17 წლის პირებისთვის Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა 1 კვირით ადრე კი, Pfizer-ს მიენიჭა ავტორიზაცია.

იტალია

იტალიის მთავრობას სასწავლო წლის დაწყებამდე მოზარდების უმრავლესობის აცრა სურს. ამ ეტაპზე, ვაქცინის ერთი დოზით 49.86%, ხოლო სრულად 28.39%-ია აცრილი. ქვეყანაში 12-18 წლამდე ასაკის მოზარდებს 16 აგვისტოდან აქვთ ვაქცინაციის შესაძლებლობა. Pfizer-ის ვაქცინა, 12-დან 15 წლამდე პირებში მაისის ბოლოს, Moderna კი, 12-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის აგვისტოს დასაწყისში დამტკიცდა.

გერმანია

საწყის ეტაპზე გერმანიის მთავრობამ ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის დაუშვა, თუმცა „დელტა“ ვარიანტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, 16 აგვისტოდან 12 წლის ზემოთ ბავშვებში ვაქცინაცია ყველასთვის შესაძლებელია. გერმანიის მიერ STIKO-ს კომიტეტის ექსპერტების რჩევით მიღებული გადაწყვეტილება, აშშ-ში 10 მილიონი მოზარდის ვაქცინაციის მონაცემებს ეყრდნობა. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის უპირატესობები მის ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ირლანდია

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ზრდასრულ მოსახლეობაში ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. 18 წელზე უფროსი პირების 90%-ზე მეტს აქვს ვაქცინის ერთი დოზა მიღებული, ხოლო 84% სრულად ვაქცინირებულია. 12-15 წლის ბავშებში ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 11 აგვისტოს გაიხსნა და 100,000-ზე მეტი ჯავშანი მოიცვა. პირველ უქმეებზე დაახლოებით 30,000-მა ბავშვმა მიიღო კოვიდ-ვაქცინის დოზა.

პოლონეთი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პოლონეთის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები სრულად ვაქცინირებულია. 12 წელზე უფროს ბავშვებში Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებია დაშვებული და 12-17 წლამდე ასაკის 577,562 პირია სრულად ვაქცინირებული.

საფრანგეთი

საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებიდან, რომელმაც 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია დაუშვა. 15 ივნისის შემდგომ ქვეყანაში 12-17 წლის მოზარდების 56%-ს ერთი, ხოლო 32.4%-ს ორივე დოზა აქვს მიღებული. გარდა ამისა, სექტემბრის ბოლოდან, 18 წლამდე ასაკის პირები ვალდებულები იქნებიან საფრანგეთის ჯანმრთელობის ბარათი გამოიყენონ, რომელიც მათი ვაქცინაციის სტატუსს, ან პისიარ ტესტის პასუხს დაადასტურებს. მსგავსი ბარათი აუცილებელი გახდება საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის კინოთეატრებსა და რესტორნებში შესასვლელად. მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა, რეგულაციის შემდგომ ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ გაიზარდა.

ესპანეთი

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 20 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 12-19 წლამდე ასაკის პირებში 55.4%-ს ვაქცინის პირველი დოზა აქვს მიღებული. იქიდან გამომდინარე, რომ 18 წლამდე პირებში ვაქცინაციის დაშვების გადაწყვეტილებას რეგიონალური ხელისუფლება იღებს, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების თარიღი ქვეყნის რეგიონების მიხედვით განსხვავებულია.

დანია

დანიის ჯანდაცვის სამსახურმა 12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ივლისში დაიწყო და ამ ეტაპზე 10-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში 58.2% პირველი დოზით, 43.6% კი სრულად ვაქცინირებულია.

შვეიცარია

Pfizer-ის ვაქცინა, 12 წელზე უფროს ბავშვებში შვეიცარიამ ივნისის დასაწყისში დაამტკიცა. 22 აგვისტოს მონაცემებით, 10-19 წლის მოზარდების 17.9% კოვიდ-ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია .

შვედეთი

შვედეთის ჯანდაცვის 21-ვე რეგიონში უახლოეს თვეებში, 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში უნდა იყოს დაშვებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რაც შეეხება 12-დან 15 წლამდე მოზარდებს, მათ მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში აქვთ ვაქცინის მიღების შესაძლებლობა. მაგალითად, თუ ისინი ან თავად მიეკუთვნებიან მაღალი რისკ-ჯგუფის კატეგორიას ან ამ ჯგუფში შემავალ პირებთან ერთად ცხოვრობენ.