ესპანეთის, ირლანდიის, სლოვენიისა და მალტის ლიდერების განცხადებით, ისინი მზად არიან აღიარონ პალესტინის სახელმწიფო, თუ ეს ერთადერთი გზაა ტერიტორიაზე „მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“. ოთხი ლიდერი ერთმანეთს ბრიუსელის სამიტის დასასრულს შეხვდა და, შესაფერის დროს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა განიხილა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა „ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა იქნება“, სადაც ისრაელი და პალესტინა იცხოვრებენ გვერდიგვერდ, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, – ნათქვამია საერთო განცხადებაში.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის თქმით, მას სჯერა, რომ მომავალ კვირაში, გაეროში, პალესტინის სახელმწიფოს პოლიტიკური მხარდაჭერის გასაძლიერებლად, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. მისივე განცხადებით, პალესტინაში ახალი მთავრობის დამყარებისთვის საჭირო პირობების „მომწიფებას“ შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან, პალესტინის სახელმწიფოს 1967 წლით დადგენილ საზღვრებს მხოლოდ ცხრა სახელმწიფო ცნობს. ეს მოიცავს ე.წ. „ვესტ-ბანკს“, ღაზის სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმს. მალტა, აღმოსავლეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, პალესტინის სახელმწიფოებრიობის უფლებას 1988 წლიდან აღიარებს. 2014 წელს, შვედეთი ორგანიზაციის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფოებრიობის უფლება ბლოკში წევრობის პერიოდში ცნო.
სლოვენიის პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო წარმომადგენელი ბელგიის მთავრობის სახელით. ბელგია ამჟამად, ექვსი თვის ვადით, ევროსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, პასუხისმგებელია მისი მუშაობის ზედამხედველობაზე და, შესაბამისად, დეკლარაციებზე ხელმოწერის უფლებაც ეზღუდება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ე.წ. „ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას“ და პალესტინელების დახმარებისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორიცაა, ბლოკს ჯერჯერობით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მხარი ერთხმად არ დაუჭერია.