ევროპის რომელ ქვეყნებში იხდიან საცხოვრებელში ყველაზე მეტს?

ევროპის რომელ ქვეყნებში იხდიან საცხოვრებელში ყველაზე მეტს?

Resolution Foundation-ის თანახმად, საცხოვრებლებზე ყველაზე მეტს ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ხარჯავენ. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, ფინეთში მოსახლეობის მთლიანი ხარჯების 24% სწორედ საცხოვრებელზე მოდის, რაც ბევრად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს – 15%-ს.

ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებში, რეალურად გადახდილი ქირის ღირებულება ე.წ. „დარიცხულ ქირასთანაა“ გაერთიანებული – ღირებულება, რომლის გადახდაც მფლობელს ღია ბაზარზე, საკუთარი საცხოვრებლის მსგავსი უძრავი ქონების შეძენის/დაქირავების შემთხვევაში მოუწევდა.

პოლონეთში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის, საცხოვრებელზე ხარჯების ყველაზე დაბალი წილი – 6% მოდის.

ქვეყნის საერთო ფასების დონესთან შედარებით, საცხოვრებლის ღირებულება ყველაზე მაღალი გაერთიანებულ სამეფოშია. მას მოჰყვება ახალი ზელანდია, ავსტრალია და ირლანდია. საცხოვრებლის ხარჯით, OECD-ის საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბლა არიან პოლონეთი და საბერძნეთი, რაც ამ ქვეყნებში საცხოვრებლებს მეტად ხელმისაწვდომს ხდის და, შესაბამისად, მოთხოვნაც ბევრად უფრო მაღალია.

ევროპის მასშტაბით, საცხოვრებელი სახლების ფასის ყველაზე მაღალი მატება თურქეთში დაფიქსირდა – ნომინალურ მაჩვენებელში, თურქეთის ფასები ცხრა წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით 12-ჯერაა გაზრდილი. შედეგად, თურქეთი, მაღალი ფასებით, ისეთ ცნობილ ძვირად ღირებულ ბაზრებს უწევს კონკურენციას, როგორებიც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფოა.

OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის ფასების მატების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში – მათ შორის შვედეთსა და ფინეთში. აღნიშნულ ქვეყნებში 2015 წლის შემდეგ საცხოვრებლის ფასები მხოლოდ 4%-ით გაიზარდა. თურქეთს კი, ფასების ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლით – 166%-ით მეტი ვიდრე 2015 წელს – უნგრეთი მოჰყვება.

სახლების ფასებისა და ქირის ღირებულების მატება – რაც ძირითადად ეკონომიკური ზრდითა და უცხოელი მყიდველების მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული – საცხოვრებლების შეძენას ართულებს ბერძნებისთვისაც. Euronews-ის ბოლო გამოკითხვით, ევროკავშირის მომავალ არჩევნებში, ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლა გამოკითხულთა 68%-მა პრიორიტეტად დაასახელა.