ევროპის კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. განათლების დონე განსხვავდება სქესისას და ასაკის მიხედვითაც. საშუალოდ ევროკავშირში 24-74 წლის ასაკის თითქმის მესამედზე მეტს აქვს უმაღლესი განათლების ხარისხი, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, კოლეჯებისა ან პროფესიული სკოლების დიპლომი.
საგანმანათლებლო დონეები განისაზღვრება როგორც დაბალი (საშუალო სკოლაზე დაბალი), საშუალო (საშუალო სკოლა) ან უმაღლესი (უნივერსიტეტი). ევროპული მონაცემთა სააგენტო Eurostat-ის კლასიფიკაცია განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკაციას (ISCED) ეფუძნება:
- დაბალი: დაწყებითი, დაბალი კლასების საშუალო განათლება.
- საშუალო: მაღალი კლასების საშუალო განათლება, არაუმაღლესი.
- უმაღლესი: მათ შორის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, კოლეჯები, ტექნიკური მომზადების ინსტიტუტები და პროფესიული სკოლები.
2022 წლის მონაცემებით, ევროკავშირში 24-დან 74 წლის ასაკის პირთა 31.8%-ს ჰქონდა უმაღლესი განათლება, მათგან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 17.4% ფიქსირდებოდა რუმინეთში, ხოლო 49.8% – ირლანდიაში. უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა წილი, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ევროკავშირის საშუალო დონეს აღემატებოდა. შვედეთსა და ნორვეგიაში უმაღლესი განათლება მოსახლეობის 45%-ზე მეტს აქვს. ლატვიის შემთხვევაში ეს მონაცემი 44%-ია.
გაერთიანებულ სამეფოში 25-74 წლის მოსახლეობის 43.5%-ს აქვს უმაღლესი განათლება – შედარებით მეტს, ვიდრე ევროკავშირის „დიდ ოთხეულში“. მათ შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთსა (38.2%) და ესპანეთშია (38%).
რუმინეთის შემდეგ, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ყველაზე დაბალი წილი – 18.5% იტალიაშია. ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მონაცემს მცირედით ჩამორჩება გერმანიის მაჩვენებელიც (31.5%).
უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილი შედარებით უფრო დაბალია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. დაბალი განათლების მქონე მოსახლეობის რაოდენობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 61.8% თურქეთს ჰქონდა. თურქეთში მოსახლეობის ორ/მესამედს აქვს მაღალი კლასების საშუალოზე დაბალი განათლება.
უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა წილი მნიშვნელოვნად იზრდება ახალგაზრდებში. 2022 წლის ანგარიშით, ევროკავშირში 25-34 წლის ასაკის მოსახლეობის 42%-ს ჰქონდა უმაღლესი განათლება. რუმინეთში ეს მონაცემი 24.7%-ს უდრიდა, ირლანდიაში – 62.3%-ს. 25-74 წლის მოსახლეობისგან განსხვავებით, ფინეთსა და ისლანდიას ჰქონდათ უმაღლესი განათლების უფრო დაბალი წილი, ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია.
ევროპის 35 ქვეყანაში, რომელთა მონაცემებიც ხელმისაწვდომია, 25-34 წლის ქალთა შორის, უმაღლესი განათლების მქონე პირთა მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე იმავე კატეგორიის მამაკაცთა შორის. 2022 წელს, საშუალოდ, უმაღლესი განათლება ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ქალთა 47.6%-ს, ხოლო მამაკაცთა 36.5%-ს. ყველაზე დიდი განსხვავებაა ისლანდიაში, 25.4% (მამაკაცები – 28.3%, ქალები – 53.7%) და სლოვენიაში, სადაც ქალებს (60.2%) მამაკაცები უმაღლესი განათლების მაჩვენებლით 23.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებიან. განსხვავება ყველაზე დაბალი არის თურქეთში (1.3%), შვეიცარიასა (3.6%) და გერმანიაში (4.6%).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში, 25-დან 74 წლამდე ასაკის პირთა მაჩვენებელი, უმაღლესი განათლების მიხედვით, მუდმივად იზრდება. 2004 წელს ეს მონაცემი 19.1%-ს უდრიდა, 2022 წლისთვის კი 31.8%-მდე გაიზარდა.
ევროკავშირის ათი ქვეყანა უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილით:
- ირლანდია – 49.8%
- ლუქსემბურგი – 49.5%
- შვედეთი – 46%
- ნორვეგია – 45.1%
- კვიპროსი – 44.9%
- ლიეტუვა – 44%
- ბელგია – 42.8%
- შვეიცარია – 42.4%
- ნიდერლანდები – 41.4%
- ესტონეთი – 41.1%