უმუშევრობა და კადრების დეფიციტი ევროპის ქვეყნებისთვის წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. Eurostat-ის მაისის მონაცემით, ევროკავშირში უმუშევართა რაოდენობა $13.1 მილიონს აღწევს და ქვეყნების მიერ შემოღებული რიგი სოციალური და ეკონომიკური პროგრამების მიუხედავადაც, გადაუჭრელი რჩება.
2025 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი, 1 მილიონი ვაკანტური სამუშაო ადგილი გერმანიაშია. აღნიშნული რიცხვი მაღალია საფრანგეთშიც და ნახევარ მილიონს აღწევს. ამ მაჩვენებლით, საფრანგეთი EU-ს ქვეყნებს შორის მეორეა, თუმცა თუ გაერთიანებულ სამეფოსაც ჩავთვლით (რომელიც ევროკავშირს 2020 წელს გამოეყო) მესამე პოზიციაზე ინაცვლებს. გაერთიანებულ სამეფოში ვაკანტური სამუშაო ადგილების რაოდენობა 780,000-ს აღემატება.
Eurostat-ი ვაკანსიას განმარტავს, როგორც ანაზღაურებად პოზიციას, რომელიც ახალშექმნილია, ხოლო დამსაქმებელი აქტიურად ეძებს შესაბამის კანდიდატს თავისი ორგანიზაციის გარეთ. სამუშაო ვაკანსიების მაჩვენებლის (JVR) გაანგარიშებისას, მოთხოვნისა და ვაკანსიების საერთო რაოდენობის საჩვენებლად გათვალისწინებულია როგორც ვაკანსიების, ისე დაკავებული პოზიციების რაოდენობა. ის ძირითადად ზომავს ვაკანტური პოზიციების საერთო წილს. მაგალითად, 3%-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 100 სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში, 97 დაკავებულია და 3 ვაკანტური.
2025 წლის მეორე კვარტალის მონაცემით, ევროკავშირში სამუშაო ადგილების 2.1%-ია ვაკანტური. ეს მაჩვენებელი 2025 წლის პირველ კვარტალში არსებულ 2.2%-თან და 2024 წლის მეორე კვარტალში არსებულ 2.4%-თან შედარებით ნაკლებია. JVR-ის ინდექსი ყველაზე დაბალი რუმინეთშია – 0.6%, ხოლო ყველაზე მაღალი ნიდერლანდებში – 4.2%. რაც შეეხება გერმანიას, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ვაკანტური სამუშაო ადგილია, JVR-ის ინდექსი 2.5%-ია.
JVR 3%-ს უდრის ან აღემატება ბელგიაში (4.1%), ავსტრიასა და ნორვეგიაში (ორივე შემთხვევაში 3.4%) და მალტაში (3%). ეს გარკვეულწილად ნიშნავს, რომ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში კადრებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით მოთხოვნა უფრო სუსტია. რუმინეთის შემდეგ, ვაკანსიების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ესპანეთსა და პოლონეთშია (0.8%), ბულგარეთში (0.9%) და სლოვაკეთში (1.1%).
ვაკანსიების ფაქტობრივი რაოდენობის შემთხვევაში, რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება: გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ნიდერლანდები. გერმანიას ვაკანსიების ყველაზე მაღალი რაოდენობა, 1.05 მილიონი ვაკანტური პოზიცია აქვს. ამავდროულად, გერმანია ევროპაში მიგრაციისთვის ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია.
Eurostat-ის მონაცემებით, 2023 წელს გერმანიაში იმიგრანტების ყველაზე დიდი აბსოლუტური რაოდენობა დაფიქსირდა. 2023 წელს გერმანიამ ევროკავშირის ქვეყნებიდან 324,000, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან 905,000 და უცნობი წარმოშობის 42,000 ადამიანი მიიღო – სულ 1,271,000.
კვლევების თანახმად, ევროპის მასშტაბით, კვალიფიკაციის დეფიციტი დამსაქმებლებისთვის მთავარ გამოწვევად იქცა. მაგალითად, ManpowerGroup-ის მიერ 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 21 ევროპულ ქვეყანაში დამსაქმებლების 75% შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშაკების არარსებობაზე მიუთითებდა. ეს მაჩვენებელი 2018 წლის 42%-თან შედარებით 33 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. აღნიშნული კვლევითაც, გერმანიასა და საბერძნეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 82% დაფიქსირდა.
წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნების რეიტინგს ყველაზე მეტი სამუშაო ადგილით:
- გერმანია – 1,048,815 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- გაერთიანებული სამეფო – 781,000 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- საფრანგეთი – 503,629 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- ნიდერლანდები – 399,700 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- ბელგია – 170,382 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- ავსტრია – 147,941 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- ესპანეთი – 145,195 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- შვედეთი – 112,500 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- ნორვეგია – 106,739 ვაკანტური სამუშაო ადგილი
- პოლონეთი – 100,647 ვაკანტური სამუშაო ადგილი