ევროპის რომელ ქვეყნებშია საცურაოდ ყველაზე სუფთა წყალი?

ევროპის რომელ ქვეყნებშია საცურაოდ ყველაზე სუფთა წყალი?

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო (EEA), ევროკომისიასთან თანამშრომლობით, ყოველწლიურად სანაპიროებზე წყლის ხარისხთან დაკავშირებით დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს. სააგენტო ჯამში 21,127 ლოკაციას სწავლობს, მათ შორის – ალბანეთსა და შვეიცარიაში. რეგულარულ ანგარიშში, EEA საცურაოდ განკუთვნილი წყლების სისუფთავის მიხედვით ქვეყნების რანჟირებას ახდენს.

ყოველწლიურად ადგილობრივი ხელისუფლება ათასობით პლაჟს, მდინარეს, ტბასა და საცურაო ადგილს ბაქტერიულ დაბინძურებაზე ამოწმებს. აღნიშნული ბაქტერიები საბანაო წყლებში კანალიზაციის ან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გზით ხვდება და ადამიანების ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ტესტირება ევროკავშირის „საბანაო წყლის დირექტივის ნაწილია“, რომელიც ევროპის მასშტაბით წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე, წყლები ოთხი კატეგორიით ფასდება, ესენია: ძალიან კარგი, კარგი, დამაკმაყოფილებელი, ცუდი. შეფასება – „ძალიან კარგი“ ნიშნავს, რომ წყლის ხარისხი სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც ცურვისა და სხვა გასართობი აქტივობებისთვის მას იდეალურ ადგილად აქცევს.

შეფასება – „ძალიან კარგი“ EEA-ს უახლეს ანგარიშში ევროპული წყლების 85%-მა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ისინი სისუფთავისა და უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს. შემოწმებული ლოკაციებიდან მხოლოდ 1.5% შეფასდა, როგორც „ძალიან ცუდი“. ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ქვეყნების დადებითი შეფასებისა, სანაპირო ადგილები ზოგადად უფრო სუფთაა, ვიდრე შიდა ტერიტორიები. თუ ევროპის სანაპირო ადგილების 89%-მა მიიღო უმაღლესი შეფასება, იგივე შედეგი შიდა ტერიტორიების მხოლოდ 78%-მა დააფიქსირა.

ევროპის ყველაზე სუფთა სანაპირო წყლების რეიტინგით, ყველაზე მაღალი, 100%-იანი შეფასება ლიეტუვამ და სლოვენიამ მიიღო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სლოვენიის შემთხვევაში მხოლოდ 21 ლოკაცია, ლიეტუვაში კი 16 ლოკაცია შემოწმდა. ამის მიუხედავადაც, მათი ლიდერობა ორივე ქვეყანაში მკაცრ გარემოსდაცვით ზედამხედველობაზე მიანიშნებს. ევროპის ყველაზე სუფთა სანაპირო წყლების ხუთეულს ავსებენ ბულგარეთი (97.8%), ხორვატია (97.1%) და საბერძნეთი (97.0%), სადაც სააგენტომ ასობით ლოკაცია შეამოწმა.

შიდა წყლების სისუფთავის შემთხვევაში, როგორიცაა ტბები და მდინარეები, მაქსიმალური 100%-იანი შეფასება მიიღო ბულგარეთმა, საბერძნეთმა და რუმინეთმა. თუმცა ამ შემთხვევაშიც, სააგენტომ შეზღუდული რაოდენობის ადგილები შეამოწმა. შიდა წყლების სისუფთავით, ხუთეულში არიან ავსტრია (95.8%) და ფინეთი (93.8%) – ავსტრიაში სულ 260 შიდა წყლის ლოკაცია, ხოლო ფინეთში 225 შეფასდა.

სანაპირო და შიდა წყლების ერთობლივი შეფასების შემთხვევაში, რეიტინგის ლიდერი, 99.2%-ით, კვიპროსია. კვიპროსში სააგენტომ 123 ლოკაცია შეისწავლა და მათგან 99.2% შეაფასა, როგორც „ძალიან კარგი“, რაც ნიშნავს, რომ კუნძულზე წყლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მას მოსდევს ბულგარეთი, საბერძნეთი, ხორვატია და ავსტრია, რომელთაგან თითოეულის სანაპირო და შიდა წყლები სისუფთავის უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.

რაც შეეხება წყლის ხარისხის მიხედვით ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ლოკაციებს, EEA-ს რეიტინგში ზედიზედ მეორე წელია, ბოლო ადგილზე ალბანეთია წარმოდგენილი. სააგენტო, ქვეყნის შიდა და სანაპირო წყლებიდან მხოლოდ 16%-ს აფასებს, როგორც „ძალიან კარგს“, რაც გასული წლის 41.2%-იან შედეგთან შედარებით, საკმაოდ დიდი ვარდნაა. რეიტინგის ბოლო პოზიციებზეA პოლონეთი, ესტონეთი და უნგრეთი, სადაც შეფასებული ლოკაციებიდან 60%-ზე ნაკლებმა მიიღო უმაღლესი შეფასება.

საცურაოდ და სხვა გასართობი აქტივობებისთვის, ევროპაში ყველაზე სუფთა სანაპირო წყლები:

  1. სლოვენია, ლიეტუვა – 100%
  2. კვიპროსი – 99.2%
  3. ბულგარეთი – 97.8%
  4. ხორვატია – 97.1%
  5. საბერძნეთი – 97%
  6. დანია – 92.6%
  7. მალტა, ესპანეთი – 92%
  8. იტალია – 90.6%
  9. პორტუგალია – 90.2%
  10. გერმანია – 88.4%

საცურაოდ და სხვა გასართობი აქტივობებისთვის, ევროპაში ყველაზე სუფთა შიდა წყლები:

  1. ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი – 100%
  2. ავსტრია – 95.8%
  3. დანია – 95.2%
  4. ფინეთი – 93.8%
  5. გერმანია – 90.9%
  6. იტალია – 88.3%
  7. ლიეტუვა – 83.8%
  8. შვეიცარია – 83.1%
  9. ესტონეთი – 82.9%
  10. ლუქსემბურგი – 82.4%

საცურაოდ და სხვა გასართობი აქტივობებისთვის, ევროპაში ყველაზე სუფთა წყლები (საერთო შეფასება):

  1. კვიპროსი – 99.2%
  2. ბულგარეთი – 97.9%
  3. საბერძნეთი – 97%
  4. ავსტრია – 95.8%
  5. ხორვატია – 95.2%
  6. დანია – 92.9%
  7. მალტა – 92%
  8. გერმანია – 90.5%
  9. იტალია – 90.3%
  10. ესპანეთი – 86.0%