Tesla-ს გაყიდვების ვარდნა წელს ევროპის რიგ ბაზრებზე აგვისტოშიც გაგრძელდა. ამის მიზეზი კი ჩინური BYD-ის მხრიდან კონკურენციის გაძლიერება და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიმართ ევროპელი მომხმარებლების უარყოფითი დამოკიდებულების ზრდაა. თუმცა ნორვეგიამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ აღნიშნული ტენდენცია დაარღვია.
ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საფრანგეთში Tesla-ს ახალი ავტომობილების რეგისტრაცია აგვისტოში, 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, 47.3%-ით შემცირდა, ხოლო ავტომობილების საერთო ბაზარი თითქმის 2.2%-ით გაიზარდა.
შვედეთში Tesla-ს რეგისტრაციები 84%-ზე მეტით შემცირდა – სადაც ზოგადად ელექტრომობილების გაყიდვები უცვლელი დარჩა, ხოლო საერთო ბაზარი 6%-ით გაიზარდა. დანიაში Tesla-ს რეგისტრაციები 42%-ით შემცირდა, ნიდერლანდებში – 50%-ით, ხოლო იტალიაში – 4.4%-ით.
ნორვეგიაში, სადაც Tesla ყოველთვის გამორჩეულად პოპულარული ბრენდი იყო და ბაზარი ელექტრომობილებითაა გაჯერებული, ამერიკული კომპანიის ახალი ავტომობილების რეგისტრაციების 21.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამავდროულად BYD-ის ახალი ავტომობილების რეგისტრაციების რაოდენობა 218%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, შვიდთვიანი კლების შემდეგ, აგვისტოში პორტუგალიაში Tesla-ს რეგისტრაციები 28.7%-ით გაიზარდა. ესპანეთში, სადაც ელექტრომობილების სუბსიდიები 7,000 ევრომდეა, Tesla-ს გაყიდვები 161%-ით გაიზარდა და 1,435 მანქანას მიაღწია, 2024 წლის აგვისტოს 549 ერთეული ელექტრომობილიდა. თუმცა BYD-ის გაყიდვები უფრო შთამბეჭდავად, 400%-ზე მეტით გაიზარდა და 1,827 ერთეულს მიაღწია.
მთლიანობაში, წელს ესპანეთში BYD-ის გაყიდვები 675%-ით გაიზარდა და 14,181 ავტომობილს მიაღწია, ხოლო Tesla-ს გაყიდვები 11.6%-ით გაიზარდა და 9,303 ერთეული შეადგინა.
„Tesla-ს გაყიდვების იმედგამაცრუებელი მაჩვენებელი ნაწილობრივ შეიძლება უფრო კონკურენტულ საბაზრო გარემოს მივაწეროთ“, – განაცხადა Schmidt Automotive-ის ევროპული ავტომობილების ბაზრის ანალიტიკოსმა, მატიას შმიდტმა.
ევროპაში Tesla-ს წარმომადგენლების განცხადებით კი, გაყიდვების კლება ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ წარმოება Model Y-ის განახლებულ ვერსიაზე გადადიოდა, რომელიც 2023 წელს კონტინენტზე ყველაზე გაყიდვადი მანქანა იყო.