ევროპული ქვეყნები, რომლებიც ენერგოკრიზისს ყველაზე კარგად უმკლავდებიან

ევროპული ქვეყნები, რომლებიც ენერგოკრიზისს ყველაზე კარგად უმკლავდებიან

მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ მიწოდების საკითხებში პრობლემები შექმნა და იმპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულების ზრდა გამოიწვია. ევროპის მთავრობებმა მოქალაქეებისა და ეკონომიკის მზარდი ენერგოფასებისგან თავის დასაცავად გარკვეულ ზომებს მიმართებს, თუმცა მზარდი დემონსტრაციები ცხადყოფს, რომ არსებული მდგომარეობა მილიონობით ადამიანს კვლავ აწუხებს.

2021 წელს რუსეთი ევროპის მთლიანი ბუნებრივი აირის იმპორტის თითქმის ნახევარს ახორციელებდა, თუმცა ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ გაზზე ერთმანეთისგან განსხვავებულია. მაგალითად, პოლონეთი, ფინეთი და სლოვაკეთი, ძირითადად გეოგრაფიული სიახლოვის გამო, თითქმის სრულად იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, ამასთან ერთად კი, გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, 2021 წელს თავისი ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს იღებდა რუსეთიდან.

მათ მოჰყვებიან ქვეყნები ტრადიციულად ბუნებრივი აირის უფრო მაღალი წილით მთლიან ენერგეტიკულ მიქსში: იტალია (40%) ნიდერლანდები (37%), უნგრეთი (33%) და ხორვატია (30%). მიუხედავად რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების განსხვავებულობისა, ინფლაციის ზრდა, ბუნებრივ აირზე ფასების რეკორდული ზრდის შედეგად, მეტ-ნაკლებად ყველა მათგანს შეეხო.

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროპა უმეტესწილად თხევადი ბუნებრივი აირის გამოყენების ალტერნატივას განიხილავს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ევროკავშირში იმაზე მეტი LNG იყო იმპორტირებული, ვიდრე ოდესმე, მთელი წლის განმავლობაში. Al Jazeera-ის ინფორმაციით, გასულ წელს LNG მარაგების მოძიებაში ყველაზე პროაქტიული იტალია აღმოჩნდა. ქვეყანამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დაიწყო გაზის ალტერნატიული მიწოდებს ძიება აზერბაიჯანიდან, ალჟირიდან და ეგვიპტიდან.

ქვეყანათა ნაწილი, მათ შორის ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია ფიქსირებული LNG-ტერმინალების განვითარების მხრივ უპირატესობას უკვე ფლობდნენ. ეს ქვეყნები გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის მაღალი მოცულობითაც გამოირჩევიან. გერმანია ტრადიციულად უფრო მეტად მილსადენის გაზზეა დამოკიდებული, თუმცა ქვეყანა მოწინავეა მცურავი LNG-ტერმინალების განვითარების მხრივ.

ხუთიდან ერთი მცურავი ტერმინალის მშენებლობა გერმანიამ უკვე დაასრულა, მათი ერთობლივი ამოქმედების შემდეგ კი გერმანიას ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტირების შესაძლებლობა ექნება. ხუთი მცურავი LNG-ტერმინალი საბერძნეთის გეგმის ნაწილიცაა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჰაბად გადააქციოს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ევროზონაში ინფლაციის ისტორიულად ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, სექტემბერში ინფლაციის ზრდის დაახლოებით 70% ენერგიის ფასებმა განაპირობა. ინფლაციისგან მოსახლეობის დასაცავად, ქვეყნებმა გარკვეული ზომებიც მიიღეს.

საფრანგეთმა საყოფაცხოვრებო ბუნებრივი აირის ფასების 2021 წლის დონეზე გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო და გასულ წელთან შედარებით, ელექტროენერგიის ფასი 2022 წელს 4%-ით შეზღუდა. გარდა ამისა, მომავალ წელს საფრანგეთი ენერგიისა და გაზის ფასის 15%-მდე შეზღუდვას გეგმავს. მიღებული ზომების გარეშე საფრანგეთში საყოფაცხოვრებო გადასახადები გაორმაგდებოდა.

Rabo Research-ის მოხსენების მიხედვით, საფრანგეთის შემდეგ, გადასახადების შემცირებისა და გაზის ტარიფის შეზღუდვის გზით, მოქალაქეების ინფლაციისგან დასაცავად განხორციელებული ღონისძიებებით ესპანეთი გამოირჩეოდა.

ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, Bruegel-ის თანახმად, გერმანიაზე (€264 მილიარდი), ევროკავშირის ქვეყნების მიერ ენერგეტიკული კრიზისისთვის გამოყოფილი საერთო თანხის (€600 მილიარდი) თითქმის ნახევარი მოდიოდა. გერმანიის მიერ დახმარების აღმოჩენის ზომებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.3% შეადგინა, მას მოსდევს ლიეტუვა (6.6%) საბერძნეთი (5.7%) ნიდერლანდები (5.3%) და ხორვატია (4.2%). მომავალი წლიდან გერმანია მომხმარებლებისთვის ენერგოგადასახადების სუბსიდირებასაც დაიწყებს, რაც ინფლაციას უფრო მეტად შეამცირებს.

შესაბამისად, საფრანგეთმა და ესპანეთმა ფასები კონტროლის ქვეშ შეინარჩუნეს, გერმანია დაფინანსების მხრივ ლიდერობს, გაერთიანებული სამეფო კი დიდად არცერთი მიმართულებით არ გამოირჩევა. ოქტომბერში გაერთიანებული სამეფოს ინფლაციის მაჩვენებელი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ, 11.1%-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ქვეყანამ ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად მხოლოდ €97 მილიარდი გამოყო – მშპ-ის 3.5%.