ევროპულმა კომპანიებმა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტით €100 მილიარდი იზარალეს - Financial Times

ევროპულმა კომპანიებმა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტით €100 მილიარდი იზარალეს - Financial Times

Financial Times-ის ანალიზის მიხედვით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროპის უმსხვილესმა კომპანიებმა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტის შედეგად სულ მცირე 100 მილიარდი ევროს პირდაპირი ზარალი განიცადეს. მონაცემები 600 ევროპული ჯგუფის წლიურ ანგარიშსა და 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებების კვლევას ეფუძნება.

Financial Times-ის თანახმად, რუსეთში ბიზნესის გაყიდვა, დახურვა ან ოპერაციების შემცირება, ჯამში 176 ევროპული კომპანიისთვის აქტივების გაუფასურებაში, ასევე სავალუტო და სხვადასხვა ტიპის ხარჯების ზრდაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ გამოცემის ანალიზი ომის არაპირდაპირ მაკროეკონომიკურ ზემოქმედებას არ მოიცავს, რომელშიც ენერგიისა და საქონლის მზარდი ხარჯებიც შედის. პარალელურად, ომმა გაზარდა მოგება ნავთობის, ბუნებრივი აირისა და თავდაცვის კომპანიების შემთხვევაში.

ჯამში, რუსეთში ოპერაციების შეჩერებით მიღებული ზარალის  ნახევარზე მეტი ენერგეტიკისა და კომუნალურ კომპანიებზე მოდის. ანგარიშის მიხედვით, BP-ის, Shell-ისა და TotalEnergies-ის ერთობლივმა ხარჯმა 40.6 მილიარდი ევრო შეადგინა. თუმცა, ზარალი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ზრდამ გადაწონა, რის შედეგადაც, გასულ წელს, ჯგუფის მოგება 95 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

კომუნალურმა კომპანიებმა 14.7 მილიარდი ევრო იზარალეს, ხოლო სამრეწველო კომპანიებმა, მათ შორის ავტომწარმოებლებმა – €13.6 მილიარდი. ხოლო საფინანსო კომპანიების, მათ შორის ბანკების, სადაზღვევო და საინვესტიციო ფირმების ზარალმა, Financial Times-ის შეფასებით, 17.5 მილიარდი ევრო შეადგინა.

კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, ომის დაწყებამდე რუსეთში ევროპულ კომპანიათა საკუთრებაში არსებული 1,871 საწარმოდან, 50%-ზე მეტი ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს. რუსეთში კვლავ რჩებიან ისეთი ევროპული კომპანიები, როგორებიცაა იტალიის UniCredit-ი, ავსტრიის Raiffeisen-ი, შვეიცარიის Nestlé და დიდი ბრიტანეთის Unilever-ი.