დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მას მხარი 89 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი – 3 წავიდა. რეზოლუცია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას გმობს და მთავრობას მოუწოდებს, წინა რეზოლუციებში ასახული რეკომენდაციები შეასრულოს შეასრულოს, რომლებზეც რეაგირება არ მოუხდენია.
ასამბლეამ განაცხადა, რომ „ანგარიშსწორება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების მიმართ კვლავ გრძელდება“. მან დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტა და პოლიციის სისასტიკის შესახებ შეტყობინებების გამოძიებას კიდევ ერთხელ მოითხოვა.
ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ქვეყანაში მზარდი გამოწვევებია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, ხოლო მედიაგარემო კიდევ უფრო გაუარესდა. მათ მოუწოდეს მთავრობას გააუქმოს ან გადასინჯოს რამდენიმე ახალი კანონი, რომლებიც ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მიიღო, ასევე – გააუქმოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები და რიგი სხვა ნაბიჯები „ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების პირობების აღდგენისთვის“.
ასამბლეამ დასძინა, რომ იგი ღრმად შეშფოთებულია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის „დამანგრეველი ზემოქმედებით“ სამოქალაქო საზოგადოებაზე და მოუწოდა ხელისუფლებას გააუქმოს კანონი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოპოზიციური პარტიების მოსალოდნელი აკრძალვის საკითხსაც შეეხო: „საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებით საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა. ჯერ არ ამოქმედებულიც კი, მხოლოდ ასეთი ქმედების საფრთხე უკვე აძლიერებს პოლიტიკურ განხეთქილებას ქვეყანაში და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას“.