გასულ თვეში ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელმა 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი ევროპის ცენტრალური ბანკისათვის გლობალური ფინანსური კრიზისის წინ კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს.
ევროზონის 19 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%–ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3%–ით გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და აღემატება ანალიტიკოსთა წინასწარ გაკეთებულ ვარაუდებს.
ფასები ყველაზე მეტად ენერგეტიკულ სფეროში გაიზარდა. წარმოებისა და გადაზიდვის შეფერხებები ასევე გრძელვადიან საქონელზეც აისახა, რომელთა ფასები 2.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
ბუნებრივ აირზე ფასების მომატება გავლენას ახდენს ბევრ ინდუსტრიაზე, დაწყებული ავტომობილების წარმოებით, კომპიუტერების წარმოების ჩათვლით. შესაბამისად, წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა 4%–მდე გაიზარდოს, რაც ორჯერ აღემატება ECB–ის მიზნობრივ მაჩვენებელს. ჯერჯერობით ECB თავის ნარატივს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ინფლაციის ეს პერიოდი მოკლევადიანია და ფასების ზრდა შემდგომი წლების განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელს არ გადააბიჯებს. ინფლაციის პრობლემაზე საუბრისას ECB–ის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი შედარებით მოზომილი იყო. მან მომხმარებლებს მოთმინებისაკენ მოუწოდა.
ამავე დროს ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ცენტრალური ბანკები ინფლაციის პრობლემას სათანადოდ არ აღიქვამენ. „დიდი შანსია, რომ ეს ინფლაცია სულაც არ იყოს გარდამავალი (მოკლევადიანი), როგორც ამას ყველა ცენტრალური ბანკი ამტკიცებს, მათ შორის – ECB“, – განაცხადა BNP Paribas-ის ეკონომისტმა ლუიჯი სპერანცამ.
საინტერესოა, რომ ფასების დონე გაიზარდა ასევე სურსათისა და ენერგომატარებლების სექტორების გარეშეც. ინფლაციის მაჩვენებელი ამ სფეროების გამოკლებით 1.6%–იდან 1,9%–მდე გაიზარდა.
ECB–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ინფლაციის დონის დასტაბილურების მიზნით დროებით საკუთარი წესებიდან გადაუხვევენ და მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა ფასების დონე ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
ფოტო: Yann Schreiber/AFP via Getty Images