Facebook-მა ვირტუალური რეალობის ახალი სათვალეები დააანონსა

Facebook-მა ვირტუალური რეალობის ახალი სათვალეები დააანონსა

Facebook-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა და ვირტუალური რეალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ბოზუორთმა, რომელიც სულ მალე კომპანიის ტექნიკური დირექტორი გახდება, სოციალურ ქსელებში ვირტუალური და აუგმენტური რეალობის ახალი სათვალეების პროტოტიპების სურათები გამოაქვეყნეს.

სათვალე, რომელიც ცუკერბერგს უკეთია, ძალიან ჰგავს Oculus-ის სათვალეს, რომელსაც ასევე Facebook-ი აწარმოებს. „მთელი დღე რედმონდში, Facebook-ის რეალობის ლაბორატორიაში, მკლევართა გუნდთან ერთად დავყავი, რათა შემდეგი თაობის ვირტუალური რეალობის, აუგმენტური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამომეცადა. ეს მოდელი თვალის ბადურის მსგავსი გარჩევადობის მქონე სათვალის ადრეული პროტოტიპია. საოცარი მომავალი გველოდება“, – აღნიშნა ცუკერბერგმა სურათის აღწერაში.

ცნობისთვის, თვალის ბადურის მსგავსი გარჩევადობის (ინგლ. Retina Resolution) მქონე დისპლეი პიქსელების იმდენად მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა, რომ ნორმალურ საოპერაციო მანძილზე, ცალკეული წერტილების გარჩევა შეუძლებელი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, retina-გარჩევადობა იმდენად მაღალია, რომ ხარისხით ბუნებრივი თვალის მზერის თითქმის იდენტურია.

ენდრიუ ბოზუორთმა ორი პროტოტიპული სათვალის სურათები გამოაქვეყნა, რომელთა დიზაინი განსაკუთრებით საინტერესოა. პირველი სათვალე ვიზუალურად ძალიან ჰგავს იმას, რომელიც ცუკერბერგმა მოირგო, მაგრამ მეორე  განსხვავებულია – როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ამ სათვალის შუშები გამჭვირვალეა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ის აუგმენტური რეალობის სათვალეა. ცნობისთვის, ის ძალიან ჰგავს Apple-ის ვირტუალური რეალობის სათვალეს, რომლის კონცეპტუალური ნახაზები მედიაში ჯერ კიდევ თებერვალში გამოჩნდა.

ამ ეტაპზე უცნობია, მოხვდება თუ არა ეს სამი სათვალე ბაზარზე – შეიძლება, ისინი მხოლოდ შუალედური პროტოტიპები იყოს. თუმცა, ნათელია ერთი რამ: ამ სურათებით ცუკერბერგმა და ბოზუორთმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მეტავერსის შექმნის იდეას, რომელზეც Facebook-ი ბოლო დროს აქტიურად მუშაობს.