საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონი საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ, „აგენტებად“ რეგისტრაციას და, ფინანსურ წყაროებთან ერთად, პირადი ინფორმაციის გაზიარებას ავალდებულებს. ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ჩაანაცვლებს, რომლის მიღებასაც მრავალრიცხოვანი პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მმართველი პარტია კანონს ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგად სახავს, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ ამის საფუძველს მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული არჩევნების გამო ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებული პარლამენტის მხრიდან გატარებული რეპრესიული ზომები აძლევს, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების, ასევე მედიის შესახებ კანონში შემზღუდავი ცვლილებები.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2023 წელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ორი პარალელური კანონპროექტი დააინიციირეს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. მასობრივი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, რომლის მონაწილეებმაც საკანონმდებლო ინიციატივას “რუსული კანონი” უწოდეს, პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.
2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ კანონის განახლებული ვერსია დააინიციირა, რომელშიც ტერმინი „აგენტი“ აღარ შეიტანა. საპროტესტო აქციების მიუხედავად, პარლამენტმა ამჯერად კანონპროექტი მაინც დაამტკიცა. ამას მწვავე კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებმაც საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყეს და პროტესტის მონაწილეების ძალის გადამეტებით დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესეს. იმის დასამტკიცებლად, რომ კანონი ამერიკულის ანალოგიურია, „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 4 მარტს პარლამენტში აშშ-ში მოქმედი FARA-ს (Foreign Agents Registration Act) სიტყვასიტყვითი თარგმანი წარადგინა.
ვის ეხება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“?
საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი, რობერტ ჰამილტონი აღნიშნავს, რომ აშშ–ში FARA პირდაპირ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკურ საქმიანობაში და მოქმედებენ უცხოური მთავრობის დავალებით. მისივე თქმით, საქართველოში ის შეიძლება გავრცელდეს უცხოური დაფინანსების მიმღებ ნებისმიერ ორგანიზაციაზე, „რომელსაც მთავრობა სამიზნედ აირჩევს“.
FARA-ს ქართულ თარგმანში აღნიშნულია, რომ კანონი ეხება „უცხოური პრინციპალის აგენტს“, რომელიც ამ უკანასკნელის „უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად მოქმედებს“. ის არის პირი, რომლის „ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არის უცხოური პრინციპალის ზედამხედველობის ქვეშ, არის მის მიერ მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად და, პირდაპირ ან სხვა პირის მეშვეობით“. რაც შეეხება „უცხოურ პრინციპალს“, ის გულისხმობს „უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და უცხოურ პოლიტიკურ პარტიას, საპარტნიორო გაერთიანებას, ასოციაციას, კორპორაციას, ორგანიზაციას ან პირთა სხვა სახის გაერთიანებას, რომლის საქმიანობაც უცხო ქვეყნის კანონით არის მოწესრიგებული“.
FARA-ს თარგმანში აღნიშნულია, რომ „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არის „უცხოური პრინციპალის“ ინტერესების გამტარებელი. ეს კი, ექსპერტების შეფასებით, მთავრობას ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. მათი განმარტებით, ხელისუფლებას „უცხოური პრინციპალის“ ინტერესების გამტარებლად შეუძლია დაასახელოს მედია ან ორგანიზაცია, რომელიც მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ ეთანხმება, აკრიტიკებს, მთავრობის წევრებზე ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს, მათ შორის კორუფციის შემთხვევებს იკვლევს და ა.შ.
„ამერიკული FARA–ს რეესტრში არ არიან დამოუკიდებელი, საკუთარი საწესდებო მიზნებითა და საკუთარი ნებით მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები. იქ ისინი ხვდებიან, ვისაც უცხო სახელმწიფო აკონტროლებს. ამიტომ შეხვდებით FARA-ს რეესტრში ისეთ მედიებს, როგორიცაა „სპუტნიკი“ და „რაშა თუდეი“ და ვერ შეხვდებით BBC-ს, Deutsche Welle-სა და სხვებს. BBC-სა და Deutsche Welle-საც საკუთარი – ამერიკისთვის „უცხო“ მთავრობები აფინანსებენ, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი მედიები არიან, ამიტომ არავინ სთხოვს მათ დარეგისტრირებას“, – აცხადებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი.
იხილეთ ასევე: ახალი კანონი მედიის წინააღმდეგ: სად მთავრდება რეალობა და იწყება (ქართული) ოცნება?
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მის დამტკიცებამდე, 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, საქართველოს ხელისუფლებას კი მისი მიღებით სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ადრე დამტკიცებული ე.წ. „რუსული კანონის“ შეფუთვა სურს.
„ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული „ფარა“-ს პირდაპირ თარგმანს აინიციირებს. აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „რუსული კანონი”, რომელთან მსგავსებაზეც განცხადების ავტორები ამახვილებენ ყურადღებას, კრემლმა 2012 წელს მიიღო. „რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის დირექტორის, ანდრეი შარის განცხადებით, ამ კანონით ხელისუფლებამ თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ამოიღო მიზანში, მოგვიანებით კი ის ცალკეულ პირებზეც გავრცელდა, რომლებიც კრემლის პოლიტიკას არ იზიარებდნენ და საბოლოოდ, ტოტალური ცენზურის იარაღად ჩამოყალიბდა.
„ქართული ოცნების” მიერ მიღებულ კანონში აღნიშნულია, რომ ის არ ვრცელდება დიპლომატიურ ან საკონსულო მოხელეებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ პირებზე, დიპლომატიური ან საკონსულო მოხელეების პერსონალზე. გარდა ამისა, ის არ ეხება აკადემიურ, სამეცნიერო, რელიგიურ ან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დახმარებას იღებენ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობაში არ მონაწილეობენ. ექსპერტების შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.
„„ქართული ოცნება“ ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ შემოღებას სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს, იმის მიუხედავად, რომ FARA-ს ნებისმიერი გონივრული განმარტების პირობებში, ასეთი ორგანიზაციები კანონის რეგულირების სფეროს მიღმა უნდა დარჩნენ“, – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებაში.
ვინ გააკონტროლებს კანონის აღსრულებას და როგორია სასჯელი მისი დარღვევისთვის?
კანონის თანახმად „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიუროა. ცნობისთვის, აშშ-ში ამ როლს იუსტიციის დეპარტამენტი ასრულებს. ექსპერტების შეფასებით, კანონს არაამერიკულად სწორედ ქართულ რეალობაზე მორგება აქცევს – კერძოდ, მათი თქმით, თუ აშშ–ში FARA-ს აღსრულებას დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული ინსტიტუტები უზრუნველყოფენ, საქართველოში ამ როლს „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებული სამსახურები მოირგებენ, რაც მათ პროცესების თავიანთ სასარგებლოდ წარმართვის საშუალებას მისცემთ.
„FARA არის არა უბრალოდ სიტყვების კომბინაცია, არამედ ის შინაარსი, რომელსაც მას „აღმასრულებელი“ და „განმმარტებელი“ ანიჭებენ. ჩვენთან ამერიკული კანონიდან მოაქვთ სიტყვები, მაგრამ ცვლიან განმარტებებს, შინაარსს, პრაქტიკას, რითაც [აშშ-ში] იუსტიციის დეპარტამენტი და სასამართლოები ხელმძღვანელობენ“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
ეს აზრია გაჟღერებული სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებაშიც: „ჩვენს რეალობაში FARA-ს ტრანსპლანტაცია შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს“.
კანონის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც განზრახ არღვევს მის რომელიმე მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს, ან სარეგისტრაციო განცხადებაში განზრახ არის არსებითი ფაქტის შესახებ მცდარი ინფორმაცია ჩაწერილი, ან განზრახ არის გამოტოვებული ნებისმიერი ფაქტი, ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს 5 წლის ვადით, ან შესაძლოა ორივეთი ერთად.
რაც შეეხება ძირითად ინფორმაციას, რომელსაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მოითხოვს, მასში მოცემული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი, სტატუსი, პრინციპალის ბიზნესმისამართი, ფიზიკური პირის შემთხვევაში — მოქალაქეობა; ინფორმაცია თავისი საქმიანობის არსზე, თანამშრომლების სია და მათი სამუშაოს სპეციფიკა; ასევე, უნდა გაამჟღავნოს უცხოური პრინციპალის სახელი და მისამართი, უკანასკნელი 60 დღის განმავლობაში მიღებული ფინანსური დახმარება ან კომპენსაცია, ყველა აქტივობა, მათ შორის პოლიტიკური, და ის პირები ან ორგანიზაციები, ვისი ინტერესების შესაბამისადაც მოქმედებს; საპარტნიორო გაერთიანებების შემთხვევაში, პარტნიორების მონაცემები და მათთან დადებული ხელშეკრულებები.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანი დაამტკიცა, ამან პოლემიკა არათუ გაანელა, არამედ უფრო გაამძაფრა. ხელისუფლების არგუმენტი ის არის, რომ კანონი ამერიკულ სტანდარტებს ეფუძნება, ექსპერტების შეფასებით კი, „გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევის ყოველდღიური რეალობა დასტურია იმის, რომ „ქართული ოცნება“ FARA-ს გონივრული განმარტებებით არ შემოიფარგლება, მისი ინსტრუმენტალიზების დაზღვევას კი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტებით ვერც ქართული სასამართლო სისტემა შეძლებს, რასაც გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის“.