Fed-ი სექტემბერში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს | CME FedWatch

Fed-ი სექტემბერში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს | CME FedWatch

ფიქსირებული შემოსავლის მქონე ბაზრების ვარაუდით, 17 სექტემბერს გასამართი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი (FOMC) საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ განაცხადებს. ინფორმაციას CME FedWatch Tool-ი ავრცელებს. არსებული პროგნოზებით, ფედერალური ფონდების განაკვეთის 4.25%-4.5%-დან 4%-4.25%-მდე შემცირების ალბათობა 10-დან 9-ის ტოლია.

CME FedWatch Tool-ის მონაცემებით, დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე დაშვებას სამუშაო ადგილების ზრდის შესახებ ივლისის თვის ანგარიშიც აძლიერებს. გასულ თვეში ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდა ანალიტიკოსთა პროგნოზებს ჩამორჩა, რამაც ეკონომიკის შენელების შესახებ შეშფოთება გაამძაფრა. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმება FOMC-ის მანდატის ნაწილია, ეკონომიკის სტიმულირებისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ანალიტიკოსები მიზანშეწონილ ნაბიჯად თვლიან.

მიუხედავად ამისა, 2025 წლის პირველ ნახევარში აშშ-ის ეკონომიკა დაახლოებით 2%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრი ვარდნის ნაცვლად, ზომიერი შენელების ნიშანია. ამასთან ერთად კი, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, 2025 წელს ინფლაცია ძირითადად შემცირების ტენდენციას აჩვენებს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთები სწორედ ინფლაციის FOMC-ის დადგენილ წლიურ 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას ემსახურებოდა.

ამჟამად სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია) 2.7%-ია, ან 2.9%, თუ 2025 წლის ივნისამდე 12 თვეში საკვებისა და ენერგოპროდუქტების ფასებს გამოვრიცხავთ. ფასების ზრდა ნაწილობრივ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელ ტარიფებს უკავშირდება, თუმცა, CME FedWatch Tool-ის ინფორმაციით, FOMC-ის წარმომადგენლები მზად არიან, მონეტარული პოლიტიკის დადგენისას ტარიფებით გამოწვეული დროებითი პიკებიც გაითვალისწინონ.

პროცედურული თვალსაზრისით, ივლისის შეხვედრაზე Fed-ის ოფიციალური პირების ნაწილმა დაბალი საპროცენტო განაკვეთების დაწესებას მხარი დაუჭირა. CME FedWatch Tool-ის პროგნოზით, აღნიშნული მხარდაჭერა შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების დაწევაზე, მომდევნო შეხვედრისთვის უმრავლესობის ხმების მიღების წინაპირობად იქცეს.

საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა ხაზგასმულია ივნისის ეკონომიკური პროგნოზების ანგარიშშიც. შეჯამების თანახმად, Fed-ის წარმომადგენელთა ნაწილი 2025 წელს შედარებით დაბალი განაკვეთების მიღებას ვარაუდობს და გათვალისწინებით იმისა, რომ მხოლოდ სამი შეხვედრაა დარჩენილი, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს.