მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის საცალო ღირებულების ზრდამ სამშაბათს, 24-საათიანი ინტერვალით, 4.5% შეადგინა, რის შედეგადაც ტოკენის ფასმა $94,000-ს გადააჭარბა. ბიტკოინის ფასის ცვლილება, ამჯერადაც, აშშ-ის ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და საპროცენტო განაკვეთების დეკემბერში შემცირების მოლოდინს უკავშირდება.
ბიტკოინის ღირებულების ზრდის მიუხედავად, მოგვიანებით, კრიპტოტოკენის ფასი კვლავ დაეცა და ამჟამად CoinMarketCap-ზე დაახლოებით $92,700-ად ივაჭრება. მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა ეთერიუმია, რომლის შეფასებაც ბოლო მონაცემებით 9%-ით გაიზარდა და $3,320-ს აღწევს. სამშაბათის მდგომარეობით, 24-საათიან პერიოდში, Solana – 6%-ით XRP – 4%-ით, ხოლო Binance-ის BNB – 3%-ით გაიზარდა.
CME Group-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს დანიშნულ შეხვედრაზე მიიღებს. ეკონომისტები საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ვარაუდობენ, რაც წელს მესამე შემთხვევა იქნება მას შემდეგ, რაც Fed-მა სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები 25-25 პუნქტით შეამცირა.
უკანასკნელი წლების დაკვირვებით, Fed-ის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და გაზრდის შესახებ პირდაპირ აისახება ბიტკოინის ფასზეც. მაგალითად, პანდემიის დროს განაკვეთების შემცირების შემდეგ ტოკენის ღირებულება 2020 წლის მარტის $5,000-დან 2021 წლის ნოემბრისთვის დაახლოებით $69,000-მდე გაიზარდა. ხოლო 2018 წელს განაკვეთების ზრდას ბიტკოინის ღირებულების $20,000-დან $3,000-მდე ვარდნა მოჰყვა.













