გუშინ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (Fed) საპროცენტო განაკვეთები 25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ეს 2025 წელს საპროცენტო განაკვეთების პირველი შემცირებაა. თუმცა Fed-მა წლის ბოლომდე განაკვეთების კიდევ ორჯერ შემცირება ივარაუდა.
„ბოლოდროინდელი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის ზრდა შენელდა. შენელდა სამუშაო ადგილების ზრდაც და უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა, თუმცა მაინც დაბალ ნიშნულზე რჩება. ინფლაცია გაიზარდა და გარკვეულწილად მაღალი რჩება.
თავისი მიზნების მხარდასაჭერად და რისკების გათვალისწინებით, კომიტეტმა გადაწყვიტა, საპროცენტო განაკვეთის სამიზნე დიაპაზონი 1/4 პროცენტული პუნქტით შეამციროს 4-4.25 პროცენტამდე,“ – წერია Fed-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
შედეგად, საპროცენტო განაკვეთები 4.25-4.5%-დან 4-4.25%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს ახალი წევრი, სტივენ მირანი არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას და საპროცენტო განაკვეთების ნახევარი პროცენტული პუნქტით შემცირებას მიემხრო. მირანი, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველი, ცენტრალური ბანკის საბჭოში ამ კვირის დასაწყისში დაინიშნა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელისგან საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დიდი ხანია, ითხოვს. ივლისში ტრამპმა განაცხადა, რომ პაუელის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის შემცირების წინააღმდეგობის გამო, ქვეყნის ეკონომიკამ მილიარდობით დოლარი იზარალა და მისი გადადგომა მოითხოვა.