Fed-მა საპროცენტო განაკვეთი წელს უკვე მესამედ შეამცირა

Fed-მა საპროცენტო განაკვეთი წელს უკვე მესამედ შეამცირა

აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC), ცხრა მომხრით სამის წინააღმდეგ, საპროცენტო განაკვეთების დამატებით 25 პუნქტით, შესაბამისად, პროცენტის მეოთხედით შემცირებას მხარი დაუჭირა. შედეგად, საპროცენტო განაკვეთები, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, 3.75%-4%-დან 3.5%-3.75%-მდე შემცირდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, მიმდინარე წელს, საპროცენტო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილება უკვე მესამედ მიიღო. პირველად, სექტემბერში, Fed-მა განაკვეთები 4.25-4.5%-დან 4-4.25%-მდე დასწია, ხოლო ოქტომბრის საკომიტეტო შეხვედრაზე აღნიშნული მაჩვენებელი 3.75% – 4.00%-მდე შეამცირა.

აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგნოზებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება მომდევნო წელსაც მოსალოდნელია. კერძოდ, Fed-ი 2026 წელს განაკვეთის ერთი მეოთხედი პუნქტით და იმდენივეთი კლებას, 2027 წელსაც განიხილავს. ამ მიდგომით, 2027 წელს, მიზნობრივი განაკვეთი 3%-დან 3.25%-მდე უნდა შემცირდეს.

Fed-ის გადაწყვეტილებამ გავლენა ამერიკის საფონდო ბირჟებზეც მოახდინა. ოთხშაბათს Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი თითქმის 560 პუნქტით (1.1%) გაიზარდა, ხოლო S&P 500 და Nasdaq-ი, შესაბამისად, 0.7%-ით და 0.4%-ით. Dow-ს დადებით შედეგებს ხელი სხვადასხვა კომპანიის აქციების ღირებულების ზრდამ შეუწყო, ასეთებია: Nike-ი (3.9%-ით გაიზარდა), American Express-ი (3.8%), JPMorgan Chase-ი (3.2%), Amazon-ი (1.6%) და IBM (1.3%).

ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტრამპმა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას „დაგვიანებული“ უწოდა და განაცხადა, რომ მეოთხედი პუნქტი, რომლითაც განაკვეთები შემცირდა, შეიძლებოდა „მინიმუმ გაორმაგებულიყო“. პრეზიდენტმა, Fed-ი და მისი თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის ხელის შეშლაშიც დაადანაშაულა.

პაუელის განცხადებით, ცენტრალური ბანკი დაელოდება და შეაფასებს, თუ როგორი ტემპით განვითარდება ეკონომიკა და მხოლოდ შემდეგ მიიღებს განაკვეთების კიდევ უფრო შემცირების გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად კი, Fed-ის თავმჯდომარემ მათი ფრთხილი პოლიტიკის მიზეზად ინფლაციაც დაასახელა. ცნობისთვის, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ, იანვრის შემდეგ პირველად, 3%-ს მიაღწია. თავის მხრივ კი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები სწორედ ინფლაციის FOMC-ის დადგენილ წლიურ 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას ემსახურებოდა.