სპორტული ავტომობილების იტალიური მწარმოებლის, Ferrari-ს პირველი ელექტრომობილის ღირებულება, სულ მცირე, $535,000 იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ი ავრცელებს. იტალიური ბრენდი ახალი ელექტრომობილისათვის სპეციალური საწარმოს აშენებას და წარმოების 30%-ით გაზრდას გეგმავს.
Ferrari-ს განცხადებით, კომპანიის პირველი ელექტრომობილის წარმოება მომდევნო წლის ბოლოს დაიწყება. როგორც ჩანს, Ferrari-ს გათვლა მომხმარებელთა კონკრეტულ სეგმენტზე, მდიდრული ავტომობილებით დაინტერესებულ ადამიანებზე ექნება. ანალიტიკოსები იტალიური ბრენდის გადაწყვეტილებას, აწარმოოს მაღალი ღირებულების მქონე ელექტრომობილი, სარისკოდ მიიჩნევენ. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ მასობრივ წარმოებაზე გათვლილი ელექტრომობილების ბრენდები ავტომობილების გასაყიდად ფასებს სულ უფრო ამცირებენ. აღნიშნული იმის დამსახურებაა, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია.
შედარებისათვის, შედარებით დაბალი საფასო კატეგორიის Porsche Taycan-ის ღირებულება $130,000-ის ფარგლებში მერყეობს. ელექტრო-Ferrari-ს ფასი კი პერსონალიზებული შეკვეთებისა და კომპლექტაციების შესაბამისად $535,000-საც კი გადააჭარბებს.
ელექტრომობილების ახალი ქარხანა კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებსაც გაზრდის. გასულ წელს Ferrari-მ 14,000 ერთეული ავტომობილი აწარმოვა. ახალი ქარხნის აშენების შემდეგ კი საწარმოო მოცულობის 20,000-მდე გაზრდა იგეგმება.
საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს თავის დამკვიდრებას ელექტრომობილების გლობალურ ბაზარზე შიდაწვისძრავიანი სპორტული ავტომობილებით ცნობილი ბრენდი. თუმცა, თუკი ბრენდის SUV-ი მოდელის, Purosangue-ს მაგალითს მოვიყვანთ, Ferrari-ს წარმატების მიღწევა არასპორტული ავტომობილების წარმოებითაც შეუძლია.