FIFA: 2022 წლის იანვრის სატრანსფერო ხარჯები გასულ წელთან შედარებით 75%-ით გაიზარდა

FIFA: 2022 წლის იანვრის სატრანსფერო ხარჯები გასულ წელთან შედარებით 75%-ით გაიზარდა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო კავშირის, FIFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცთა ფეხბურთში მიმდინარე წელს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბებმა საერთო ჯამში 75%-ით მეტი დახარჯეს, ვიდრე გასულ წელს. ორგანიზაციის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ წელს მათ 2021 წელთან შედარებით მეტი ფეხბურთელი შეიძინეს.

უფრო კონკრეტულად კი, გასულ თვეში განხორციელებულ ტრანსფერებში 1.03 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა. ეს თანხა ნაკლებია 2020 წლის იანვრის სატრანსფერო ხარჯებთან შედარებით, როდესაც მოთამაშეების შესაძენად კლუბებმა 1.16 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს.

კაცთა და ქალთა ფეხბურთში სულ 3791 საერთაშორისო ტრანსფერი განხორციელდა. 2021 წელთან შედარებით მოთამაშე მამაკაცების ტრანსფერების რიცხვი – 28%-ით, მოთამაშე ქალების კი 42.8%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთისთვის ეს ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებელია.

როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი, 349.5 მილიონი აშშ დოლარი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს, იტალიურმა და ესპანურმა კლუბებმა კი, შესაბამისად, 113.6 და 111.1 მილიონი აშშ დოლარი. ინგლისი ასევე პირველ ადგილს იკავებს სატრანსფერო შემოსავლების კუთხითაც. მისმა კლუბებმა ტრანსფერებიდან 108.6 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს.

მიმდინარე წლის იანვარში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი Serie A-ში განხორციელდა. ტურინის „იუვენტუსმა“ „ფიორენტინისგან“ სერბი თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი 80 მილიონ ევროდ (დაახლოებით 91,4 მილიონი აშშ დოლარი) შეიძინა. მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის შედგა. კატალონიურმა კლუბმა ინგლისელებს ფერნან ტორესის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო (62,8 მილიონი აშშ დოლარი) გადაუხადეს. მესამე ადგილზე კოლუმბიელი თავდამსხმელის, ლუის დიასის ტრანსფერია. ის „პორტუსგან“ „ლივერპულმა“ 45 მილიონ ევროდ (51,4 მილიონი აშშ დოლარი) შეიძინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *